რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და საქართველოს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ პრემიერთან პროდუქტიული საუბარი შედგა.
ექიმების ცნობით, შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე არ შემდგარა, მაგრამ შეთანხმება შედგა კონსულტაციების გაგრძელებაზე და შეხვედრაზე, რომელიც ხვალ, 23 თებერვალს 16:00 საათისთვის გაიმართება.
„საქართველოს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს ჩვენი წინადადებები და ვარიანტები გავაცანით. მივიჩნევთ, რომ ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა. მოსაზრება არ გაუზიარებია, მაგრამ მან ყურადღებით მოგვისმინა. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, კლინიკამ გააგრძელოს მუშაობა. ამაზე არ თქმულა, რომ ეს შეუძლებელია. განვუცხადეთ, გადაწყვეტილება კლინიკის დანგრევის შესახებ ნაადრევად არის მიღებული“, – აცხადებს ექიმი, მალხაზ გოგუა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი, ნინო ოთარიშვილი, ასევე აცხადებს, რომ შეხვედრით კმაყოფილია.
„შეთანხმებას მივაღწიეთ ხვალინდელ შეხვედრაზე. ხვალ გაიმართება მეორე შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული. მოვახსენეთ ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ჩვენთვის მტკივნეული იყო, ვუთხარით, რაც გვაწუხებდა. აბსოლუტურად დაუფარავად მოვახსენეთ ყველაფერი, რისი თქმაც გვინდოდა და რა არგუმენტებიც გვქონდა. ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან პრემიერ-მინისტრმა პირველი პირისგან გაიგო იმის შესახებ, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მის თანამშრომლებს აწუხებს და რის გამოც ერთი თვის განმავლობაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა კლინიკაში“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე დღეს, 23 თებერვალს რესპუბლიკური საავადმყოფოს 7 ექიმს შეხვდა.