სისხლიანი „მაიდანის“ დასასრულის 10 წელი – უკრაინის უბედურებების დასაწყისის 10 წელი

2014 წლის 21 თებერვალს, კიევის ცენტრში სისხლიანი დაპირისპირების ფონზე ევრომაიდანის მონაწილეებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის, რომელმაც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის, ასევე რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების შუამავლობით,  ხელი მოაწერეს „შეთანხმებას უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების შესახებ“. დოკუმენტი ითვალისწინებდა საპარლამენტო-საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას დაბრუნებას, „ეროვნული ნდობის მთავრობის“ ფორმირებას, საკონსტიტუციო რეფორმას და 2014 წლის ბოლომდე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, სამართალდამცავების დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებას, კიევის ცენტრშიძალადობის შეწყვეტას და ოპოზიციის მიერ სახელმწიფო ორგანოებისთვის იარაღის ჩაბარებას.

კრიზისის მოგვარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ საათში, უმაღლესმა რადამ ერთდროულად სამი მოსმენით მიიღო „კანონი უკრაინის კონსტიტუციის გარკვეული დებულებების მოქმედების აღდგენის შესახებ“, დააბრუნა 2004 წლის კონსტიტუცია და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგზავნა. გარდა ამისა, უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც გამორიცხავდა სისხლის სამართლებრივ დევნას მასობრივი საპროტესტო აქციების ყველა მონაწილისთვის. რადამ თანამდებობიდან გაუშვა „მაიდანელებისთვის“ მიუღებელი შინაგან საქმეთა მინისტრი ზახარჩენკო და კიდევ რიგი ნაბიჯები გადადგა მომიტინგეთა სასარგებლოდ, პარტია „ბატკივშჩინას“ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერის, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების ჩათვლით.

პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ დააბრუნა შინაგანი ჯარი და სპეციალური დანაყოფები დისლოკაციის ადგილებზე.

ასე და ამრიგად, თითქმის ოთხთვიანი ქუჩის დაპირისპირებისა და სისხლისღვრის დაწყების შემდეგ, გაჩნდა იმის წინაპირობა, რომ ვითარება დამშვიდდებოდა და ცივილიზებულ კალაპოტში გადავიდოდა.

მაგრამ გაირკვა, რომ უკრაინისთვის სხვა სცენარი იყო დაწერილი და გარედან თავს მოხვეული.

იანუკოვიჩის მიერ შინაგანი ჯარის  გაწვევისთანავე, „მაიდანელებმა“ იმავე იანუკოვიჩის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს და გამოცხადებული ულტიმატუმის თანახმად, იანუკოვიჩს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ვადა დილის 10 საათამდე მიეცა. მაგრამ, პრეზიდენტს არც ამ დრომდე აცალეს: 21-იდან 22 თებერვლის ღამეს, „ევრომაიდანის“ აქტივისტებმა, დაიკავეს 21 თებერვალს კიევის ცენტრიდან გაყვანილი სამართალდამცავების მიერ მიტოვებული სამთავრობო კვარტალი. ეს იყო კარგად შეიარაღებული და კიდევ უფრო კარგად მართული ბრბო, რომელიც თავისი ხილული თუ ჩრდილში მდგომი მმართველების წაქეზებით, ყველაფერზე იყო წამსვლელი. პრეზიდენტი იანუკოვიჩი დაუცველი აღმოჩნდა და იძულებული გახდა, თავისათვის აღმოსავლეთ უკრაინაში გაქცევით ეშველა, საიდანაც 23-24 თებერვალს ჯერ ყირიმში, შემდეგ კი რუსეთში გადავიდა.

22 თებერვალს, დილით, უმაღლესი რადას სხდომაზე გამოცხადდა, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა წინა საღამოს დატოვა კიევი, ხოლო კანონპროექტი 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ ხელმოუწერელი დარჩა. სწორედ ამით დაიწყო უკრაინის დიდი უბედურება. სისხლიანი „მაიდნის“ რეჟიმის დამყარება, რომელმაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ხოლო ქვეყნის შიგნით – მოფაშისტო რეჟიმის დამყარება გამოიწვია.

ახდა დასავლელი წამქეზებლების ოცნება – უკრაინა „ანტირუსეთად“ გადაიქცა. კიევში დასავლეთის მორჩილი რეჟიმი დამყარდა, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს არ აღიარებდა და საკუთარ ქვეყანას რუსეთის საწინააღმდეგო იარაღად განიხილავდა, ყველა შესაძლო შედეგის გათვალისწინებით.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხშირად იმეორებს მარტივად გასაგებ ჭეშმარიტებას, რომელსაც დასავლეთის იდეოლოგიური მანქანა „რუსულ ნარატივს“ უწოდებს: 21 თებერვლის შეთანხმება დეესკალაციაზე, რომლის გარანტადაც დასავლეთის სახელმწიფოები დადგნენ, ფეხქვეშ იქნა გათელილი, დასავლეთმა მოატყუა პრეზიდენტი იანუკოვიჩი და ასევე რუსეთის ხელისუფლება, როდესაც „ევრომაიდანელებმა“ ისარგებლეს კიევის ცენტრიდან შინაგანი ჯარების გაყვანით და, იარაღის ჩაბარების ნაცვლად, შეიარაღებული გადატრიალება მოახდინეს. სწორედ ეს მომენტი გახდა კიევის ახალი რეჟიმის არალეგიტიმურობის საფუძველი და რუსეთს სრული საფუძველი მიეცა, რომ ემოქმედა ისე, როგორც ამას საკუთარი ინტერესები კარნახობდა.

რუსეთს არ ჰქონია ინტერესი, უკრაინისთვის ყირიმი ჩამოეჭრა და დონბასის რეგიონი აეჯანყებინა, ყოველივე ეს ინერციით მოხდა. რუსეთისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელი იყო უკრაინაზე ზეგავლენა განსაკუთრებით პრორუსული რეგიონებით – ყირიმითა და დონბასით. ამ რეგიონების მცხოვრებნი ყოველთვის ერთსულოვნად უჭერდნენ მხარს რუსეთთან მეგობრობის მოსურნე პოლიტიკოსებს, ყველა რანგის არჩევნებზე. სწორედ დონბასის და ყირიმის მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი იანუკოვიჩი, 2010 წელს. მაგრამ როდესაც იანუკოვიჩი დაამხეს, ახალმა რეჟიმმა მაშინვე გააჩაღა ანტირუსული კამპანია, რამაც ყირიმისა და დონბასის მოსახლეობა დააფრთხო – დონბასელები, ისევე, როგორც ყირიმელები, თავს იმთავითვე რუსებად მიიჩნევდნენ. განსაკუთრებით ეს ყირიმზე ითქმის, რომლის მოსახლეობის თითქმის 90% ეთნიკური რუსი იყო და ახლაც არის.

საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე ყირიმის რუსეთთან შეერთებისა და დონბასის უმეტეს ნაწილზე კიევის მიერ კონტროლის დაკარგვის შემდეგ, „მაიდანის“ ხელისუფლებამ შეცდომას შეცდომა, დანაშაულს დანაშაული დაუმატა და ეს თითქმის 8 წლის მანძილზე გრძელდებოდა, ვიდრე ვლადიმირ პუტინმა არ მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ (2022 წლის 23 თებერვალს). მარტო ის რად ღირს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, კიევის რეჟიმს გადაკეტილი ჰქონდა მდინარე დნეპრიდან ყირიმისკენ გაჭრილი სარწყავი არხები, რაც ნახევარკუნძულის ნიადაგს, სოფლის მეურნეობას, ცოცხალ ადამიანებს, მთელ ხალხს, დიდ ზიანს აყენებდა. სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ კი, ბევრ სხვა ამოცანასთან ერთად, იმას მიაღწია, რომ მცირეწყლოვანი ყირიმის წყალმომარაგება, წყალუხვი დნეპრიდან, აღდგა.

კიდევ რა შეიძლება, ითქვას კიევური „მაიდნის“ შესახებ. ბევრი და, იმავდროულად, არც არაფერი, იმდენად ნათელია ყველაფერი. თუმცა გაუთავებელი დასავლური პროპაგანდა მაინც არ არის უგულებელსაყოფი, სწორედ ამ პროპაგანდამ გამოაშტერა უამრავი ადამიანი როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.

ვისაც „ევრომაიდნის“ სისხლიანი მოვლენები დეტალურად აინტერესებს, ვურჩევთ და აუცილებლად ვაძლევთ რეკომენდაციას, გაეცნოს ცნობილი რუსი ჟურნალისტის, მარია პერევოზკინას სტატიას – „გაირკვა, რა პრინციპით აირჩიეს მაიდანის „საკრალური მსხვერპლი“ ​​10 წლის წინ“. ღირს ამ სტატიაში წარმოდგენილი ფაქტების ნახვა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნეიტრალური მკითხველიც, ალბათ, იფიქრებს, რომ რადგანაც სტატია რუს ჟურნალისტს ეკუთვნის, იგი მეტად მიკერძოებული იქნება. ვფიქრობთ, რომ მიკერძოება მხოლოდ სტატიის ინტონაციაშია, თორემ წარმოდგენილი ფაქტები უტყუარია. დასკვნებიც ამ ფაქტებით უნდა გაკეთდეს და არა ემოციებით.

სტატიის ბმულს, ბუნებრივია, გიზიარებთ, მაგრამ ერთ გადმოქართულებულ ამონარიდს პერევოზკინას მასალიდან აქვე წარმოგიდგენთ:

„ათი წლის წინ [თებერვლის პირველ] დღეებში, კიევის ცენტრში, რადიკალ ნაციონალისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელიც სულ უფრო და უფრო სამოქალაქო ომის ხასიათს იძენდა. იანვრის ბოლოს მაიდანზე პირველი მსხვერპლი გაჩნდა. დახოცილთა მკვლელები დღემდე არ დასახელებულან და არც გამოძიება დასრულებულა. ვინ იმსხვერპლა პირველი მომიტინგეები – გასასტიკებულმა უშიშროების ძალებმა,  ან პროვოკატორებმა? თუ, მათ საკუთარმა თანამოაზრეებმა ზურგში ესროლეს? გავიხსენოთ რა და როგორ იყო.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურების მიერ, ჯინ შარპის მეთოდების გამოყენებით, „ფერადი რევოლუციების“ დასამარცხებლად, ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობას მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს. პირველი არის „ტიანანმენის ვარიანტი“, როდესაც ქუჩის პროტესტი ითრგუნება რაც შეიძლება მკაცრად, მსხვერპლის მიუხედავად, იარაღის, ჯარის, ჯავშანტექნიკის გამოყენებით – ყველაფერი გამოიყენება, რადგან აქ მიზანი ამართლებს საშუალებას. ჩინეთს გარდა, გარკვეული ხნის წინ, ბელორუსიაში ვნახეთ ტაინანმენის უფრო შერბილებული ვარიანტი.

მე პირადად ვაკვირდებოდი მეორე ვარიანტს, 2009 წელს, საქართველოში, როდესაც ოპოზიციამ სცადა სააკაშვილის დამხობა არაძალადობრივი პროტესტის გზით. მაშინ პრეზიდენტმა, რომელიც თავად იყო ფერადი გადატრიალების სათავეში და ამ საქმეში უდიდეს გამოცდილებას ფლობდა, გადაწყვიტა, მიემართა იგნორირების ტაქტიკისთვის. მან ასეთი პოზიცია დაიკავა, რომ მერე რა, რომ თბილისის ცენტრში ვიღაც „ფრიკები“ გამოდიან პროტესტით – დაე, გამოვიდნენ, მათ ამის უფლება აქვთ. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე კარვების ბანაკი მოეწყო, სადაც ოპოზიცია თვეების განმავლობაში იჯდა და მოძრაობას უშლიდა ხელს. იქ ნელ-ნელა მთელი საქართველოდან წამოვიდნენ უსახლკაროები, ლოთები და ქალაქის გიჟები. ირგვლივ ანტისანიტარია იყო, სხვადასხვა ნამსხვრევები ეყარა, მაწანწალა კატები და ძაღლები დარბოდნენ. ქალაქელების სიძულვილი ამ “მაიდანის” მიმართ დღითიდღე იზრდებოდა. თანდათან ის თავისით დაიწრიტა.

მაგრამ ეს მეთოდი მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიციაში არ არიან ნაძირლები, რომლებიც მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რათა გაზარდონ დაპირისპირების ხარისხი. პატრიარქალურ საქართველოში არ მოიძებნენ ასეთი ნაძირლები, რომლებიც თავიანთი თანამემამულეების გაწირვას დათანხმდებოდნენ. სამაგიეროდ, ასეთები უკრაინაში მოიძებნენ“ – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

აქ იგულისხმებიან ის დაქირავებული სნაიპერები, რომლებიც ზურგში ესროდნენ „ევრომაიდნის“ იდეით გაშტერებულ მომიტინგეებს, რათა ეს ყველაფერი იანუკოვიჩის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიემართათ, მათთვის გადაბრალების გზით. გასათვალისწინებელია, რომ ახლანდელი ოპოზიცია 2009 წლის „ტაში-ტუში“ ოპოზიცია არ არის, არამედ მაშინდელი ხელისუფლებაა, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, უკრაინაში ამჟამად მყოფი ქართული წარმოშობის დაქირავებული ბოევიკების გამოყენებით!

 

გულბაათ რცხილაძე