დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლება 28 თებერვალს „დეპუტატთა ყრილობას“ ამზადებს, რომლის დროს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს ინიციატივით მიმართონ. მიმართვის ტექსტი ჯერჯერობით უცნობია.
მოლდოვური მედიის ინფორმაციით, 28 თებერვალს იგეგმება დნესტრისპირეთის ე.წ. პარლამენტის, ასევე რაიონული, საქალაქო და სოფლის საბჭოების შეკრება. დნესტრისპირელმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, გენადი ჩორბამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ყრილობაზე დნესტრისპირელი დეპუტატები მიმართავენ ვლადიმერ პუტინს და სთხოვენ მას რუსეთში მიღებას.
აღსანიშნავია, რომ 29 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით გამოვა. მოლდოვური მედია წერს, რომ დნესტრისპირეთის ლიდერმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ მოიწვია ყველა დონის ადგილობრივი დეპუტატების ყრილობა, რათა განეხილათ „მოლდოვის მხრიდან ზეწოლა, რომელიც არღვევს უფლებებს და აუარესებს პრიდნესტროველების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“.