მონა იყო საქართველო კომუნისტებისა და რუსეთისო — ასე აცხადებდნენ და აცხადებენ „პატრიოტი“ ქართველები. ჩვენი გზა არა ეშვებიან დათვ რუსეთთან ურთიერთობაა — დაუბანელთან და ბრიყვთან, არამედ ევროპასთან — დაბანილთან და ცივილიზებულთანო, — ამბობდა „პატრიოტი“, ევროპულ ცივილიზაციას მონატრებული ქართველი, თანაც მტკიცებით — საქართველო უბრუნდება თავის ოჯახს, ევროპულს და ფასეულობებით აღვსილს, რომელსაც ბედუკუღმართობით მოწყდა ის.
შედეგი?
შედეგი, სავალალო — ყველაფერი იმის დაკარგვა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. სწორედ იმ ცივილიზებული ევროატლანტიკური ცივილიზაციის ჩიჩინით, პროპაგანდით. ევროატლანტიკური სივრცე, რომელსაც ფეხზე ჰკიდია საქართველოს ისტორია, თვითმყოფადობა, კულტურა და რაც დასაფიქრებელია ქართული, კარგს რომ არაფერს გვარგუნებდა, იმთავითვე იყო ცნობილი, ზოგიერთთათვის იქაურ პოლიტიკაში გარკვეულთათვის, მაგრამ ვინ დაუჯერა მათ?
საქართველოს მოსახლეობამ ის მაინც უნდა შეიგნოს — რა დამართეს უკრაინას ევროატლანტიკელებმა. უკრაინის ევროკავშირის ასოცირებულ წევრად მიღების დროს იყო ასეთი რეკლამა — მინდორში მომუშავე, წაკუზული ქალები და პარიზის ეიფელის კოშკის ფონზე, კაფეში, ფეხი-ფეხ გადადებული უკრაინელი ლამაზმანები, ყავის ფინჯნით ხელში, წარწერით — ევროპა ასეთ ცხოვრებას გვპირდება, ევროპის გარეშე კი მიწაზე მუშაობას.
გააბრიყვეს უკრაინელები. ჯერ სისხლიანი გადატრიალება მოაწყობინეს, შემდეგ დაატაკეს დონბასს, შემდეგ რუსეთს და 1986 წლის მონაცემებით, საბჭოთა უკრაინის 52-მილიონიანი მოსახლეობა, 19 მილიონამდე დაიყვანეს. უკრაინელების უდიდესი უმრავლესობა „წარმატებულ“ ევროპას მიაწყდა, ნაწილი რუსეთს, მნიშვნელოვანი რაოდენობა რუსეთთან ომში დაიღუპა, სამუდამოდ დასახიჩრდა.
ის, ვინც ევროპულ „ედემს“ ეწვია, მოხუცთა მოვლა-დაბანვას ახმარს მიღებულ უმაღლეს განათლებას. მას კაფეში ყავის სმის არც შესაძლებლობა აქვს და არც სურვილი. ისეთებიც არიან, რომლებიც ფეხიფეხგადადებული ყავას მიირთმევენ არა ყავის გემოს გასასინჯად, არამედ საკუთარი სხეულის სადემონსტრაციოდ, მამაკაცებზე მისაყიდად.
მეძავეობა უკრაინელ ქალთა ფულის შოვნის მთავარი წყაროა. აი, ეს მიიღო დღევანდელმა ფაშისტურმა უკრაინამ — სსრ კავშირის ყველაზე წარმატებულმა რესპუბლიკამ, დღეს, დანგრეულმა, მიწასთან გასწორებულმა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის სერიოზულმა კანდიდატმა.
თუმცა, რაღა უკრაინის მაგალითი, როდესაც წინ ჩვენი, 2008 წლის მაგალითი გვიდევს და ყველაფერი ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე — ერთობ წარმატებული ქვეყნის მაგალითები, დღეს უკვე დავიწყებული, ევროატლანტიკელთა დაჟინებული პროპაგანდით.
საქართველოს გაყიდვა შევარდნაძის დროს დაიწყო და ისეთი წარმატებით და ტემპით განხორციელდა, რომ მისი მმართველობის პერიოდში აყვავებული აგრარულ-სამრეწველო ქვეყანა უდაბნოს დაემსგავსა.
სააკაშვილმა საბოლოოდ დაასამარა ყველაფერი წარსული და „საამური“ ევროპული აწმყო შემოგვთავაზა — ბუჩქებში გაჩაღებული სექსით, რუსეთთან საომარი დაპირისპირებით, ტერიტორიების დაკარგვით.
ივანიშვილმა, ნაცვლად საქართველოს ფეხზე დაყენებისა, მოსახლეობის იქ დასაქმებაზე „იზრუნა“, რასაც საქართველოს დემოგრაფიული ვითარების მკვეთრი გაუარესება მოჰყვა. მთელი საქართველო, აქ უმუშევრად დარჩენილი, იქ გაემგზავრა ლუკმა-პურის საშოვნად. არ შესრულდა არც ერთი დაპირება იმ მრავალთაგან, რომელიც ივანიშვილმა ხალხს საკენკივით დაუყარა 2012 წლის არჩევნების მოსაგებად.
ქვეყანა დაემსგავსა დიდ ტუალეტს, უცხოური, დაბალხარისხიანი, ხშირ შემთხვევაში უხარისხო კვების პროდუქტების მოსანელებელ ადგილს. ვიღას ახსოვს წარმატებული სოფლის მეურნეობა?!
საქართველო, თავის გამოსაკვებად უცხოეთის კვების პროდუქტებზეა ჩამოკიდებული. ჩვენ შემოგვაქვს ბოსტნეულის, კიტრის, პომიდვრის, კომბოსტოს, კარტოფილის, ხახვის, ნივრის 75%, ხილზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
როდესაც მევენახეობის ქვეყანა ყურძნის უდიდეს რაოდენობას სომხეთიდან და სხვა მეზობლებიდან, ისე, როგორც ჰოლანდიიდან შემოიტანს, შეიძლება რამე წარმატებაზე სიტყვის დაძვრა?!
აი, ასეთი „წარმტაცი“ ეკონომიკური აწმყოს დროს, ხელისუფლება სიხარულით გვამცნობს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის მორიგი „ჯილა“, კობახიძე პირველი ვიზიტით ბელგიაში, ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბ-ბინაში გაემგზავრა. მთავრობამ ისიც თქვა — წინ ბრიუსელი იყო და მიუნხენში გამგზავრება არ იყო აუცილებელიო.
როგორც იცით, მიუნხენის კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საქართველოს ხელისუფლების დაუკითხავად და საგარეო საქმეთა მინისტრი — საქართველოს ხელისუფლების ნებართვით.
შარშანდელ მიუნხენს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ესწრებოდა და მერე რა? რა მოუტანა საქართველოს ღარიბაშვილის ვიზიტმა ან რას მოუტანს ზურაბიშვილ-დარჩიაშვილის ვიზიტი?
არის ასეთი ქართული ანდაზა —ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა.
ბრიუსელში, მიუნხენში, ვაშინგტონში, სხვაგან „სამარიაჟო“ ვიზიტები და „სვეტსკი“ საუბრები არის გაპარტახებული საქართველოსთვის აუცილებელი თუ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი ვიზიტები ხომ ძვირი უჯდება ქვეყანას?
გასულ კვირას მიუნხენში გაიმართა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კონფერენცია, ერთ-ერთი ცნობილი მსოფლიოს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდა 150 ქვეყნის წარმომადგენელი — პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტარის, ექსპერტის მონაწილეობით.
წლევანდელი კონფერენცია მე-60 იყო, ანუ საიუბილეო, თუმცა მასში მონაწილეთა განწყობა უფრო „სიმჟავით“ (ქართულად) იყო მოცული, ვიდრე საიუბილეო თარიღის თანმდევი ეიფორიით.
1962 წელს დაიწყო მიუნხენის კონფერენცია გერმანელი გამომცემლის ევალდ-ჰენრიხ ფონ კლეისტ-შმენცინის ინიციატივით და ორგანიზებით, როგორც „ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლების შეკრება“ ტრანსატლანტიკური პარტნიორობის პრობლემების განსახილველად.
1995 წლიდან კონფერენციაზე მიიწვიეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აზია-წყნარი ოკეანის, სამხრეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან კონფერენციაზე მიიწვიეს რუსეთი.
2007 წელს მასში მონაწილეობდა პრეზიდენტი პუტინი, რომლის გამოსვლამ შეძრა კონფერენციაში მონაწილე აშშ-ს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები.
2022 წელს რუსეთმა უარი თქვა მიწვევაზე, 2023 წელს კი თვით ორგანიზატორებმა არ მიიწვიეს რუსეთი. არც წელს მიიღო მიწვევა რუსეთმა, რაც ასერიგად განმარტა ფორუმის ორგანიზატორმა კრისტოფ ჰოისგენმა — ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან სერიოზულ მზადყოფნას უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის საქმეში.
არადა, კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს გაიმეორა ადრე არაერთხელ ნათქვამი მოლაპარაკების გამართვაზე, რის წინააღმდეგ წავიდა უკრაინის მხარე.
მიიღებდა თუ არა რუსეთი კონფერენციაში მონაწილეობას მიწვევის შემთხვევაში?
ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, არ მიიღებდა, ვინაიდან ერთ დროს პატივსაცემი კონფერენცია, „ბალაგანად“ გადაიქცა — ანტირუსული მიმართულების გამომხატველად.
როგორც წესი, კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყნდება მოხსენება საერთაშორისო ურთიერთობების მდგომარეობასთან დაკავშირებით. 2024 წლის კონფერენციის მთავარი თეზისი არის ასეთი: „ბევრი ქვეყანა უკვე აღარ აკეთებს აქცენტს გლობალური თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელზე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ნაკლებს ღებულობს, ვიდრე სხვები“. ამდენად მოხსენებას სიმბოლურად დაერქვა „ყველა წაგებაშია“.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პოლიტიკაში თვალშისაცემია გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ეკონომიკური გაურკვევლობა. მოხსენების ავტორ-ექსპერტთა მიერ 11 ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ დააფიქსირა შემდეგი: „დიდი შვიდეულის“ მოსახლეობა თვლის, რომ 10 წლის შემდეგ ისინი ნაკლებად დაცულნი იქნებიან და ამასთანავე უფრო ღარიბები.
ყველაზე „მჟავე“ განწყობა სოციოლოგებმა დააფიქსირეს გერმანიასა და იაპონიაში; შედარებით ოპტიმისტური, აშშ-ა და დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ამ ქვეყნებშიც გამოკითხულთა 20-დან 30% გამოთქვა ოპტიმიზმი მომავალ უსაფრთხო და უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე, მაშინ, როდესაც ჩინეთში 57%, ხოლო ინდოეთში — 63%-მა.
მოხსენებაში ჩაწერილია, რომ გეოპოლიტიკური და ეკონომიკრი ოპტიმიზმი, დამახასიათებელი „ცივი ომის“ დამთავრების შემდგომი პერიოდისთვის, ჩაქრა.
მთავარი საკითხი, რომელიც კონფერენციამ იმსჯელა, უკრაინისთვის დახმარების გაწევა იყო, მაგრამ არც ისეთი, როგორსაც ადგილი გასულ წელს ჰქონდა. ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს ამ საკითხში „ევროპის დაღლილობა“. კონფერენციის მონაწილე ევროკავშირელთა უხასიათო განწყობა არა მარტო იმით იყო გამოწვეული, რომ აშშ-ს კონგრესმა ვერადავერ გადაწყვიტა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფა, არამედ პრეზიდენტობისთვის მებრძოლი ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის განცხადებამაც, სადაც მან გაიმეორა ის, რასაც ადრე ამბობდა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ საწევროს გაზრდის შესახებ.
პრეზიდენტობის დროს მან ბრძანა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა კეთილი უნდა ინებონ და საკუთარი ეროვნული პროდუქტის მინიმუმი 2%, შემდგომში 4% უნდა შეიტანონ ნატოს ბიუჯეტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ი დატოვებს ამ ორგანიზაციას, ვინაიდან ის ანაქრონიზმად მიაჩნია.
წინა საპრეზიდენტო მარათონის დროს ის ამბობდა, რომ ვერავითარ გამართლებას ვერ უძებნის ნატოს არსებობას, რომელიც შეიქმნა საბჭოთა კავშირისგან თავის დასაცავად. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ ნატო არსებობს და რომ არსებობს, ეს იწვევდა და იწვევს ტრამპში გაოცებას.
ნატოსთან დაკავშირებით თავის ბოლო განცხადებაში ტრამპმა ისიც თქვა, რომ ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც არ გადაიხდის 2%-ს თავისი ბიუჯეტიდან, ნატოს ბიუჯეტში, აშშ-ის პრეზიდენტი, თუკი მას აირჩევენ პრეზიდენტად, თვალს დახუჭავს ასეთის მიმართ რუსეთის აგრესიაზე.
კონფერენციის მონაწილეებს არც რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადება მოეწონათ. ამერიკელმა სენატორმა ბრძანა, რომ აშშ-ს, რომლის სახელმწიფო ვალმა 34 ტრილიონი დოლარი შეადგინა, არ არის ვალდებული ფინანსური დახმარება გაუწიოს უკრაინას, ისრაელს, ტაივანს. ფინანსები მათ სესხად უნდა მიეცეთ და არა საჩუქრად. სესხი კი უკან უნდა დაბრუნდეს.
მიუნხენში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ 2023 წელთან შედარებით, „დიდი შვიდეულის“ მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთს აღარ განიხილავს მთავარ საფრთხედ. გერმანელები, რომლებიც შარშან რუსეთს საფრთხად მიიჩნევდნენ, დღეს ამბობენ, რომ საფრთხე მასობრივი მიგრაცია, რადიკალური ისლამური ტერორიზმი, კიბერთავდასხმებია. ანალოგიური განწყობა აქვთ ფრანგებსა და იტალიელებს.
რუსეთის შიში შემცირდა 11-დან 10 ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა. და ეს, მიუხედავად უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების, პრეზიდენტი ზელენსკის და მათი ამერიკელ-ევროპელი დამრიგებლების განცხადებებისა, რომ უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარება აუცილებელია, ვინაიდან ეს ქვეყანა, როგორც ფარი იცავს ევროპას რუსეთის აგრესიისგან.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა, ავდეევკის რუსეთის არმიის მიერ დაკავების შემდეგ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რესპუბლიკელი კონგრესმენები, რომელთა სიჯიუტის გამო უკრაინამ დაკარგა ავდეევკა. სიჯიუტე კი იმაშია, რომ რესპუბლიკელებმა არ გაიზიარეს პრეზიდენტის მოწოდება უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე.
ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ომი უკრაიბაში. 2 წელია ზელენსკი გაჰყვირის — მომეცით ფული და იარაღი, უკრაინის დასაცავად და არა მარტო უკრაინის, არამედ თქვენს დასაცავადო, მაგრამ შედეგი ისეთი არ არის, რომ უძღები ზელენსკი და მისი გუნდი გააძღოს.
დასავლეთმა, კერძოდ აშშ-ა მილიარდობით დოლარი და იარაღი დააყარა უკრაინას, მაგრამ ყბადაღებული კონტრშეტევა — დაპირებული კიევის მიერ, არ შედგა. პირიქით, უკრაინა უკან იხევს. ასეთ დროს ღირს კი უკრაინისთვის ახალი ფულის ნაკადის გაგზავნა? — სვამს კითხვას აშშ-ევროკავშირის პოლიტიკა.
მიუნხენის კონფერენციამ სხვა საკითხებიც განიხილა, თუმცა ნაკლები აქცენტით, ვიდრე უკრაინის დახმარება.
ზემოთ მოგახსენეთ, რომ რუსეთი არ ესწრებოდა კონფერენციას, რაც ჩემის აზრით და არა მარტო ჩემის, არამედ მსოფლიო ექსპერტების, პოლიტიკოსების მიუნხენის კონფერენციას არასრული ღონისძიების არასასურველი იმიჯი მისცა. და მართლაც — იხილავდე მსოფლიო უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობების საკითხებს ურუსეთოდ — აბსურდია, თუმცა აქვე დავუმატებ, რომ რუსეთი მხოლოდ ფიზიკურად არ ესწრებოდა კონფერენციას, თორემ მისი სული მუდმივად ტრიალებდა სასტუმროში, სადაც კონფერენცია მიმდინარეობდა, ანდა რა დაავიწყებდა მიუნხენს 2007 წლის პუტინის გამოსვლას?
„ეს მსოფლიო ერთი სუვერენისაა, ერთი „ხაზეინის“ და ეს საბოლოო ჯამში ყველასთვის, ვინც ამ სისტემის ჩარჩოებშია მოქცეული, დამღუპველია, ისე, როგორც სუვერენისთვის, ვინაიდან ანგრევს მას შიგნიდან“.
გარდა ამისა, პუტინმა თქვა, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო განწირულია და მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება — გლობალური დიქტატის მოწინააღმდეგეთა მხრიდან. ამ თვალსაზრისით ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის შექმნა, აშშ-ს გლობალური დომინირების გამომხატველია, მცდელობა არ დაუშვას პოტენციური მოწინააღმდეგის აღმავლობა, დაუშვას მისი განადგურება.
განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ ახდა პუტინის წინასწარმეტყველება. მაგალითად, ერთპოლუსიანობასთან დაკავშირებით. მას აშკარად უპირისპირდება მრავალპოლუსიანობა. დაპირისპირება ნატოსა და რუსეთს შორის სახეზეა. შეიარაღების ზრდა და აშშ-ს ძალისხმევა ძალისმიერი გზით მსოფლიო საკითხების მოგვარება სახეზეა.
2007 წლის მიუნხენის მოხსენება — პუტინის მიერ გაჟღერებული, შეეგება აშშ-ს თავდაჯერებულობას, ცინიზმს. მაშინ ამერიკის პოლიტიკის დარწმუნება იმაში, რომ რუსეთ-ჩინეთი მისი სერიოზული მეტოქეები იქნებოდნენ, შეუძლებელი იყო. აშშ-ი თვლიდა, რომ ის მუდამ იქნებოდა მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველი. ის, დღესაც ასე თვლის, ოღონდ ცალყბად — არასასიამოვნო მსოფლიო ფაქტების წინაშე დამდგარი.
დასავლელი ელიტები გულწრფელად თვლიდნენ, რომ დადგა ისტორიის დასასრული; რომ საერთაშორისო ლიბერალური წესრიგი იმდენად მიმზიდველი გახდა მსოფლიოს ქვეყნებისთვის, რომ დიდი სიამოვნებით გაიზიარებენ მას. თითო-ოროლა ქვეყანა, რომელიც არ შეუერთდება ლიბერალურ წესრიგს, ცუდ დიქტატურად შეფასდება.
დასავლეთმა ჩათვალა, რომ პუტინი ისტორიის ცუდ მხარესაა და ის დამარცხდება. დასავლეთი რუსეთს არ თვლიდა პოლიტიკრ მოთამაშედ და მისი მოსაზრების გაზიარება რა მისაღები იყო?!
დასავლეთის მიერ რუსეთის შეფასება ასეთი იყო — რუსეთი არ არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. რუსეთს აღიქვამენ როგორც „ბენზოკალონკას“. სხვათაშორის ვიხსენებ ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის სიტყვებს, ნათქვამს მოსკოვის მეტროსადგურების დათვალიერების შემდეგ: „ასეთს, ბენზოკალონკა ვერ ააშენებდა“.
2007 წლის მიუნხენის სიტყვის შემდეგ რუსეთი კარდინალურად შეიცვალა. ის ძლიერი სახელმწიფოა და უნდა თუ არა აშშ-ს, მოუწევს ამის აღიარება, მასთან პარიტეტულ საფუძვლებზე მოლაპარაკების დაწყება.
დიდი პოლიტიკის გაუთვალისწინებლობა ისეთი პატარისთვის, როგორიც საქართველოა, რბილად რომ ვთქვად, მიუღებელია. ქართული პოლიტიკა მუდამ იმის ფიქრში უნდა იყოს — „დიდთა“ ჭიდილმა არ გადათელოს მისი წარსული, აწმყო და მომავალი. გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც სიღრმისეული განსჯის შედეგი იქნება და არა წამიერი, თუნდაც წუთიერი ეიფორიით გამოწვეული. ასეთად პროდასავლური კურსი მიმაჩნია, აშკარად მიუღებელი ჩვენი ისტორიისა და თვითმყოფადობისთვის.
რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ქვეყანასთან, რომლის სახელმწიფო მდივანი ბლინკენი მოუწოდებს ქვეშევრდომებს დაივიწყონ სიტყვები — დედა, მამა, ცოლი, ქმარი, და და ძმა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი