სანკტ-პეტერბურგში წმ. ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო – ნიკოლოზ მჟავანაძე

რუსეთის საიმპერატორო დედაქალაქ სანკტ-პეტერბურგში საქართველოს განმანათლებლის, წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ექსკლუზიურად, უფლებადამცველმა და ტელეწამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ გაავრცელა ტელეკომპანია “სეზონის” 21-საათიან ეთერში.

მჟავანაძემ აღნიშნა, რომ ტაძრის მშენებლობა დაიწყო იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ვიღაც-ვიღაცები რუსი წმინდანის ხატს საღებავს ესვრიან და ამის გამო არ ისჯებიან. არადა, პეტერბურგის ახალ ტაძარში წირვა-ლოცვა ქართულადაც იქნება დაშვებული. მშენებლობა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფინანსდება.

ტაძრის არქიტექტურა, მჟავანაძის ინფორმაციით, შერეული – რუსულ-ქართული იქნება.

27 იანვარი ლენინგრადის ბლოკადისგან გათავისუფლების დღეა და ამავე დროს, წმ. ნინოს ხსენების დღეც – შეახსენა ტელემაყურებელს ნიკოლოზ მჟავანაძემ.

ქართველთა განმანათლებლის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყება რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში, მართლაც სასიხარულო მოვლენაა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პეტერბურგის მიტროპოლიის ვებგვერდზე შარშან, 27 იანვარს აღნიშნული იყო, რომ მომავალ 2024 წელს, ლენინგრადის ბლოკადის საბოლოო მოხსნის 80-ე წლისთავთან დაკავშირებით, ეს მშენებლობა დაიწყებოდა. როგორც ვხედავთ, რუსებმა სიტყვა შეასრულეს და როგორც რელიგიური, ისე პოლიტიკური კუთხით, დიდი საქმე წამოიწყეს.