რატომ შეზღუდა რუსეთმა საწვავის ექსპორტი და რა შედეგებია მოსალოდნელი

რუსეთის ხელისუფლებამ 1-ლი მარტიდან ბენზინის ექსპორტის შეზღუდვა გადაწყვიტა. აკრძალვა გაგრძელდება ექვსი თვის განმავლობაში. რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა „იზვესტიასთან“ მინისტრთა კაბინეტის გეგმების შესახებ ისაუბრა.

აკრძალვა, ხელისუფლების განცხადებით, აუცილებელია გაზაფხულზე და ზაფხულში რუსეთის შიდა მოთხოვნის ზრდის კომპენსაციისთვის. საწვავზე მოთხოვნა ტრადიციულად იზრდება საკურორტო სეზონზე, ასევე საველე სამუშაოებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაგეგმილი გარემონტების გამო. ამასთან, მთავრობას სურს, დიზელის საბირჟო გაყიდვები 16%-მდე გაზარდოს.

შეზღუდვა გავლენას არ მოახდენს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შემავალი ქვეყნების, ასევე სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, მონღოლეთისა და უზბეკეთის მომარაგებაზე, შეთანხმებული მოცულობით.

საუბარი საწვავის მიწოდების შესაძლო შეზღუდვაზე წელს პირველად “ლუკოილის” გადამამუშავებელი ქარხნის გაჩერების შემდეგ დაიწყო. ქარხნის რემონტის მოულოდნელად გაჩენილმა საჭიროებამ გამოიწვია ბენზინის წარმოების შემცირება. გამოითქვა ვარაუდი, რომ კომპანიის უცხოური აღჭურვილობა გაფუჭდა, რომლის შეკეთება დღესდღეობით, სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ამასობაში, მიმდინარე წლის იანვარში ენერგეტიკის სამინისტრომ საწვავის ექსპორტის შეზღუდვის შესაძლებლობა უარჰყო. დეპარტამენტში „იზვესტიას“ განუცხადეს, რომ მსგავსი ღონისძიების საჭიროება არ ყოფილა. სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საცალო ფასების ზრდის წინაპირობა ინფლაციის მაჩვენებელზე ზევით არ ჩანს და ბენზინის საბითუმო ფასი ვოლატილურია.

მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ უკვე შეზღუდა ბენზინის ექსპორტი. აკრძალვა დაწესდა 2023 წლის 21 სექტემბერს, საწვავის ფასების ხანგრძლივი ზრდის ფონზე.

ღონისძიება ექვსი თვით განისაზღვრა, მაგრამ 17 ნოემბერს გაუქმდა. აკრძალვის გაუქმება შესაძლებელი გახდა გადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის გადამუშავების მოცულობის შენარჩუნებით, რაც უზრუნველყოფდა შიდა ბაზრის გაჯერებას. მიწოდების სიჭარბემ (რეზერვები იყო დაახლოებით 2 მილიონი ტონა) გამოიწვია საცალო ფასების შემცირება.

ამასთან, ენერგეტიკის სამინისტროში არ გამორიცხავდნენ, რომ წარმოების მონიტორინგის შედეგებისა და ფასების მაჩვენებლების საფუძველზე, შეზღუდვები კვლავ დაწესებულიყო.

გასათვალისწინებელია, რომ შარშანდელი აკრძალვა დაწესდა სხვა საბაზრო ვითარებაში, ვიდრე დღეს არის მოცემული, – ამბობს ეროვნული ენერგეტიკის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ფროლოვი. კერძოდ, წარმოიშვა დისბალანსი საწვავის  საბითუმო და საცალო ფასებს შორის: საბითუმო ფასი არ იძლეოდა საცალო ვაჭრობაში მოგების მიღებას, რის გამოც მომწოდებლები მის საზღარგარეთ გაყიდვაზე გადაერთნენ. სწორედ ამ სიტუაციაში მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება ექსპორტის შეჩერების შესახებ.

შემოღებულმა აკრძალვამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია: უკვე 2023 წლის ოქტომბერში ბენზინის საბითუმო ფასები წინა თვესთან შედარებით 20%-ით დაბალი იყო. დიზელის საწვავის შემთხვევაში ღირებულება 8%-ით შემცირდა, აღნიშნავს Freedom Finance Global-ის ანალიტიკოსი ნატალია მილჩაკოვა.

„მოკლე პერსპექტივაში მთავრობამ მიაღწია თავის მიზანს 2023 წლის შემოდგომაზე ნავთობპროდუქტებზე საცალო ფასების ნახტომის აღკვეთით, მაგრამ ამ ღონისძიებამ უარყოფითი გვერდითი ეფექტი მოახდინა მწარმოებლებზე“, – აღნიშნავს ექსპერტი. — “მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი ამ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა, თუმცა მწარმოებლებმა მისი ექსპორტი ვერ მოახერხეს და ნაკლები მოგება მიიღეს”.

შეზღუდვების ეფექტურობის დანახვა უკვე მის დაწყებამდე იქნება შესაძლებელი – ვარაუდობს დმიტრი გუსევი. კოტირებათა არსებითი დაწევა, რაც ექსპორტის აკრძალვის შესახებ ინფორმაციას უნდა მოჰყვეს, შესაძლოა, უკვე ამ კვირაში იქცეს რეალობად.

მთლიანობაში კი, საბითუმო ფასები საინფლაციო მაჩვენებლებს არ გადასცდება, – ასეთ პროგნოზს იძლევა დარგის კიდევ ერთი ექსპერტი ანდრეი ლობოდა. მისი გათვლით, საცალო ფასები სულაც ერთ ადგილზე გაჩერდება ან ნელ-ნელა და უმნიშვნელოდ მოიმატებს. ზაფხულის შუა ხანებამდე ბენზინი საცალო ვაჭრობაში ძველებურად 54-56 რუბლი (დაახლოებით 1,55 ლარი) ეღირება ლიტრზე.

 

იზვესტია