უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს დონალდ ტრამპს არ ესმის კრემლის ლიდერის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში და ამიტომ ეწინააღმდეგება კიევის შემდგომ დახმარებას.
ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ არ ესმის, როგორ შეიძლება ტრამპი იყოს პუტინის მხარეს.
„ეს წარმოუდგენელია. ტრამპს არ ესმის რუსეთის პრეზიდენტის მიზნები. არ იცნობს პუტინს. მას არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება“, – აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკის მიაჩნია, რომ თუ ტრამპი გადაწყვეტს მხარი დაუჭიროს რუსეთს და არა უკრაინას მიმდინარე სრულმასშტაბიან ომში, ეს იქნება „ამერიკელების წინააღმდეგ წასვლა“.
ინფორმაციისთვის, ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში მიიწვია.
ტრამპმა ჯო ბაიდენის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან „ინტერესთა კონფლიქტის“ მოტივით უკრაინაში ჩასვლაზე უარი თქვა.