კომპანიას, რომელსაც არ აქვს ავიახომალდი, ოპერირების უფლება ვერ ექნება

ბატონი კოდუა მორიგ ჯერზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, მის კომპანიას დღეს არცერთი ავიახომალდი არ გააჩნია, რომლის საფუძველზეც მას ექნებოდა შესაბამისი უფლებები და ლიცენზიები, რომ აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით განახორციელოს ფრენა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
კომპანიას, რომელსაც არ აქვს ავიახომალდი, ოპერირების უფლება ვერ ექნება

დავითაშვილის თქმით, კომპანიას, რომელსაც არ აქვს ავიახომალდი, ოპერირების უფლება ვერ ექნება.

„ბატონი კოდუა სხვადასხვა დროს საქმიანობდა სხვადასხვა ავიაკომპანიაში, რომლებმაც, თავიანთი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დაკარგეს ოპერირების უფლება. მათ შორის, ბოლო შემთხვევაშიც ასე იყო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამოქალაქო ავიაციის საზოგადოებას ძალიან უჭირდა, ოპერირების ნებართვა გაეცა, რადგან შეუსაბამო იყო მის მიერ წარმოდგენილი განცხადებები და ინფორმაციები, რომელთაც სააგენტო ფლობდა. ასევე, ბორტის მფლობელმა მოითხოვა ხელშეკრულების მოშლა, შესაბამისად, ბორტის არარსებობის პირობებში, კომპანიას, რომელსაც არ აქვს ავიახომალდი, წარმოგიდგენიათ, რომ მას ჰქონდეს ოპერირების უფლება?! ეს კანონმდებლობით ავტომატურად წყდება. ასე რომ, ყველაფერი არის აბსოლუტური სპეკულაცია, რომ ჩვენ რაიმენაირად შევუშალეთ ხელი და არ ვართ დაინტერესებული. პირიქით, ჩვენ დღესაც და ხშირად გვაქვს საუბარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, თუ როგორ შეიძლება კიდევ წავახალისოთ საქართველოსა და ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის დაკავშირებადობა, ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა და პირდაპირი ფრენებიც“, – განაცხადა დავითაშვილმა.