“როგორ აყენებს რუსეთი საპასუხო დარტყმას დასავლეთს და როგორ სწავლობს ამაზე ჩინეთი” – ჩინელი პროფესორი

რუსეთი გვერდს უვლის დოლარს, აძლიერებს ვაჭრობას ჩინეთთან. სტრატეგიული ნაბიჯი დასავლური სანქციების წინააღმდეგ. სასწავლო მომენტი გლობალური ეკონომიკისთვის.

ქვეყნები, რომლებსაც აშშ თავის მოწინააღმდეგეებს უწოდებს, გაკვეთილებს იღებენ უკრაინის ომიდან. ის, თუ როგორ გადაურჩა რუსეთი დასავლეთის სანქციებს, მნიშვნელოვან გაკვეთილად განიხილება. ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავს ამას პეკინის უცხოური კვლევების უნივერსიტეტის პროფესორი დინგ იფანი.

 

დასავლური სანქციების მიმართ რუსეთის მდგრადობის გაკვეთილები

„რუსეთმა მოგვცა ბევრი ღირებული გამოცდილება, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს მომავალში“, – ამბობს ჩინელი პროფესორი  South China Morning Post-ის ფურცლებზე.

უკრაინაში ომისა და სანქციების გამკაცრების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა გასულ წელს 3,6 პროცენტით გაიზარდა, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის მნიშვნელოვანი აღდგენა წინა წელთან შედარებით, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 2,1 პროცენტით.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო 2022 წელს, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მთავარმა მოკავშირეებმა რუსეთს დაუწესეს უპრეცედენტო სანქციები და ნავთობის ფასის ლიმიტი. მათ ასევე აუკრძალეს რუსულ ბანკებს გლობალური ფინანსური შეტყობინებების სისტემის Swift-ის გამოყენება და გაყინეს ასობით მილიარდი დოლარი, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებში.

თუმცა, რუსეთის ეკონომიკა არ დაინგრა – დასავლეთის მოლოდინის საწინააღმდეგოდ. ამის ნაცვლად, მოსკოვის ხელმძღვანელობამ სანქციებს სწრაფად უპასუხა მთელი რიგი ზომებით, მათ შორის, კაპიტალის კონტროლისა და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებით. კერძოდ, მოსკოვმა საგარეო ვაჭრობაში არადოლარიანი ვალუტების გამოყენებას მისცა ბიძგი და სტაბილურად აფართოებდა ვაჭრობას არადასავლელ პარტნიორებთან.

 

ჩინეთის ინტერესი ეკონომიკური სანქციების წინააღმდეგ რუსეთის მიერ არჩეული სტრატეგიის მიმართ

„უდოლარო ვაჭრობამ გააძლიერა რუსეთის ეკონომიკური განვითარება და უზრუნველჰყო მისი ფინანსური უსაფრთხოება“, – ფაქტის კონსტატაციას ახდენს ჩინელი პროფესორი. იგი ამბობს, რომ ჩინეთსაც შეიძლება შეექმნას მსგავსი სიტუაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოწოდებები მიბმულობის აღმოფხვრისა და რისკების შემცირების შესახებ ძლიერდება.

რუსეთის მცდელობები ვაჭრობაში აშშ დოლარის გამოყენების შესამცირებლად წარმატებული იყო და დასავლეთის ზეწოლას დაუპირისპირდა. ზემოთ ნახსენები გაზეთი “საუთ ჩაინა მორნინგ პოსტი” ეყრდნობა რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებს. ამ მონაცემების შესაბამისად, 2023 წელს რუსეთის ექსპორტი ევროპაში 68 პროცენტით შემცირდა და 84,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო აზიაში ექსპორტი 5,6 პროცენტით გაიზარდა და 306,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რუსეთის ვაჭრობამ ჩინეთთან და ინდოეთთან ასევე მიაღწია ახალ მაქსიმუმს – $240 მილიარდი და $65 მილიარდი, შესაბამისად.

 

Brics აცხადებს: ახალი დასაწყისი ვაჭრობაში აშშ-ის დოლარის გარეშე

ბრიქსის ქვეყნებს შორის ვაჭრობა სულ უფრო ხშირად მიმდინარეობს აშშ დოლარის გარეშე და ადგილობრივი ვალუტების გამოყენებით. რუსეთმა ასევე გაზარდა ენერგიის ექსპორტი “მეგობარ ქვეყნებში”. ამ ქვეყნებთან ვაჭრობამ 2023 წელს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 84 პროცენტი შეადგინა, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა. პროფესორ დინგის თქმით, ეს ხაზს უსვამს განვითარებად ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელობას.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაშინაც კი, როდესაც ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებდა რუსეთს უკრაინიდან გასვლისკენ, გლობალური სამხრეთის არც ერთი ქვეყანა არ შეუერთდა აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს.

„ის ფაქტი, რომ არც ერთი არადასავლური ქვეყანა არ მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ ან ეკონომიკურ სანქციებში, უზრუნველყოფდა რუსული ვაჭრობის შეუფერხებლად მუშაობას“, – განაცხადა პროფ. დინგმა. – “ეს არის მაგალითი, რომელიც რუსეთმა მოგვცა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ საერთაშორისო ვაჭრობა ფინანსური სანქციების მიუხედავად”.

 

Telepolis (გერმანია)