შალვა პაპუაშვილი – ჟურნალისტებს, მათ შრომას დასცინეს, როცა ცოტა ხნის წინ ამერიკაში ნიკა გვარამიას ჟურნალისტის პრიზი მიანიჭეს

ჟურნალისტებს, მათ შრომას დასცინეს, როცა ცოტა ხნის წინ ამერიკაში ნიკა გვარამიას ჟურნალისტის პრიზი მიანიჭეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ნიკა გვარამიამ მედიაში ჟურნალისტის სტანდარტის ღირებულება გააქრო.

„ჩანს, რომ ოპოზიციის შანსები ნულია. სამწუხაროდ, თვალებში ნაცარს გვაყრიდნენ შიგნითაც და გარედანაც ზოგიერთი აქტორი, როცა ჟურნალისტად წარმოგვიდგენდნენ ნიკა გვარამიას, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილე, „იმედის“ დახურვის მონაწილე იყო. ჟურნალისტებს დაგცინეს, როცა ცოტა ხნის წინ ამერიკაში ნიკა გვარამიას ჟურნალისტის პრიზი მიანიჭეს. თქვენს შრომას დასცინეს, როცა ჟურნალისტი უწოდეს ადამიანს, რომელიც ტელევიზიებს ხურავდა, რომელმაც ქართულ მედიაში უხამსობა შემოიტანა, როგორც მედიისთვის მისაღები ფორმა. ამ ადამიანმა მედიაში ჟურნალისტის სტანდარტის ღირებულება გააქრო. მას ჟურნალისტიკაში ჯილდოს როცა ანიჭებენ, ესარჩლებიან უცხოელი აქტორები და წითელ ხალიჩას უგებენ. ამით ზიანი არავის ადგება, მაგრამ ხალხი ხომ უყურებს წითელ ხალიჩებს, რომელიც მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ზოგიერთ საელჩოში დაუფინეს, პრიზები მისცეს, ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, ამას ხალხი ხედავს.

მისი შეწყალება ზეწოლის ქვეშ მოხდა. შემდეგ კიდეც გაირკვა, რომ ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა ქართველ ხალხზე ადრე იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა შეეწყალებინა. ვიცით, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. დასანანია, როცა შეწყალება ხდება გარედან ზეწოლის საშუალებით, ეს ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევაა. ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა თქვა, რომ ეს იყო დეპოლარიზაციისთვის ნაბიჯი. რაიმე დეპოლარიზაცია თუ არის, არ მგონია, ის რამენაირად ახლოს იყოს, დეპოლარიზაციის ასკილომეტრიან რადიუსშიც კი. ასეთი რაღაცები ყველაზე დიდი ანტიდასავლური პროპაგანდაა საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი არჩევნებზე მხარს არ დაუჭერს იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ.

„ოპოზიციის შანსებს რაც შეეხება, ხან დიდ გულზე არიან და ყველა ხუთ პროცენტს მიღმაა, ხან წუწუნს იწყებენ, რომ ბარიერი დაიწიოს. სინამდვილე ისაა, რომ ქართველი ხალხი იმ პოლიტიკურ ჯგუფებს მხარს არ დაუჭერს, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.