თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა.
„თავდაპირველად, გაჟღერებული გვქონდა, რომ 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსების აუცილებლობა იყო, თუმცა, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ 160 ერთეულის შესყიდვა მოვახერხეთ. მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მიღებულია გადაწყვეტილება დამატებით 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით. მთავრობის განკარგულება გამოიცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა. ამ მხარდაჭერისთვის პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ და მთლიანად მთავრობას. რაც შეეხება ამ 40 ერთეულ 18 მეტრიან ავტობუსებს, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილი უნდა იყოს 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის; ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილი იქნება თბილისის კლიმატურ პირობებზე; აღჭურვილი უნდა იყოს ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით”, – განაცხადა კალაძემ.