„ჩვენი სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან გარანტირებული გამოყენებისთვის” – პუტინი

რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენი სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან გარანტირებული გამოყენებისთვის. რაც დავგეგმეთ შეიარაღების სფეროში, რაზეც 2018 წელს ჩემს გზავნილში ვსაუბრობდი, ყველაფერი შესრულებულია, ან სამუშაოები სრულდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, საომარი მოქმედებების დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები მრავალჯერ გაიზარდა.

„კინჟალის” ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექსი არა მხოლოდ ექსპლუატაციაში შევიდა, არამედ ასევე მაღალი ეფექტურობით გამოიყენება სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამიზნეების განადგურების მიზნით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი დამრტყმელი კომპლექსი “ცირკონი” ასევე უკვე გამოყენებულია საბრძოლო მოქმედებებში. გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადაეცათ სტრატეგიული სარაკეტო სისტემა “სარმატიც”, რომელიც მალე საბრძოლო მორიგეობაში იქნება მიღებული, საბაზისო რაიონებში. “ავანგარდის” საკონტინენტთაშორისო დიაპაზონის ჰიპერბგერითი დანაყოფები და “პერესვეტის” ლაზერული სისტემები საბრძოლო მწყობრში არიან. სრულდება შეუზღუდავი მოქმედების ფრთოსანი რაკეტის “ბურევესტნიკ”-ისა და უპილოტო წყალქვეშა აპარატის – “პოსეიდონის” გამოცდები.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთის უახლესი იარაღის სისტემებმა დაადასტურა მათი მაღალი და უნიკალური მახასიათებლები. „მუშაობა უამრავ სხვა პერსპექტიულ შეიარაღების სისტემაზე გრძელდება. და ჩვენ კვლავ გავიგებთ ჩვენი მეცნიერებისა და მეიარაღეების ახალ მიღწევებს“, – დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

ვიდეოამონარიდი: