პოლონეთმა და უკრაინამ შესაძლოა, ორმხრივი ვაჭრობა შეწყვიტონ – ტუსკი „მძიმე გადაწყვეტილებებს“ აანონსებს

პოლონეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ორმხრივი ვაჭრობის შეწყვეტასა და საქონლისთვის საერთო საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ტუსკის თქმით, უკრაინულ მხარესთან მუდმივ კომუნიკაციაშია და ეს, ორივე მხარისთვის რთული გადაწყვეტილება იქნება.

„როდესაც საქმე ეხება უკრაინასთან საზღვარს, მზად ვარ მივიღო მძიმე გადაწყვეტილებები. მუდმივი კონსულტაციები მაქვს კიევთან, რომ გავექცე სიტუაციის არასაჭირო დაძაბვას, თუმცა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გრძელვადიანი გამოსავალი“, – აცხადებს ტუსკი.

მისივე თქმით, პოლონეთი არ არის მზად, გადაიხადოს ის ფასი, რომლის წინაშეც ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დადგა.

„ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს. ჩვენ ყველაზე პროუკრაინული სახელმწიფო და ერი ვართ, თუმცა, ჩვენ ასევე, ევროპაში ყველაზე დიდი პრობლემები შეგვექმნა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად. ეს ფასი ძალიან მაღალია. არ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ის გადავიხადოთ.

ჩვენ გვსურს უკრაინის დახმარება, მაგრამ ვერ დავუშვებთ, რომ ამ დახმარებამ ზედმეტად ნეგატიური შედეგები მოუტანოს ჩვენს მოქალაქეებს“, – აცხადებს ტუსკი და აღნიშნავს, რომ პოლონეთი ეძებს ისეთ გამოსავალს, რომელიც ადგილობრივ ბაზარს დაიცავს.

შეგახსენებთ, პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან სასაზღრო პუნქტები და გზები გადაკეტეს პროტესტის ნიშნად. ისინი უკრაინიდან მარცვლეულის გაზრდილი რაოდენობის შემოსვლას და არაკონკურენტულ ფასებს აპროტესტებენ, რის გამოც, მოგების გარეშე რჩებიან.

ცნობისთვის, ევროკომისიამ უკრაინიდან ექსპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე გადასახადების გაუქმება 2025 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული შეღავათი ქვეყანას 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწესდა ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად.

პოლონელი ფერმერების წინა საპროტესტო ტალღა იმით დასრულდა, რომ მათ მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწიეს და ზოგიერთი მოთხოვნის დაკმაყოფილების სანაცვლოდ, ბლოკადა შეაჩერეს.