საავიაციო სფეროში მასშტაბური ფორუმის (Routes Asia 2024) ფარგლებში, რომელსაც მალაიზია მასპინძლობს, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალური მენეჯერი მოლაპარაკებებს განაგრძობს.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, საქართველოში ფრენების დაწყების შესახებ დღეს შეხვედრები შედგა ისეთ მსხვილ აზიურ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა Thai Air Asia X, Cathay Pacific, Scoot, Jeju Air და India Express-ი.
„თეა ზაქარაძე ავიახაზების პირველ პირებს ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც ისინი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენების დაწყების შემთხვევაში ისარგებლებენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირდაპირი ავიარეისების განხორციელების მნიშვნელობაზე“, – აღნიშნულია TAV Georgia-ს ინფორმაციაში.
ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა GMR Goa-ს საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლებთან.
საავიაციო სფეროში ერთ-ერთი მასშტაბური ფორუმი – Routes Asia 2024 მალაიზიაში 27-29 თებერვალს გაიმართა. კონფერენციაში მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიების, აეროპორტების, საავიაციო ხელისუფლებისა და ტურიზმის სფეროს პირველი პირები მონაწილეობდნენ.