“ასეთი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ” – ნინო სურგულაძე და ნიკოლოზ რაჭველი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში მუსიკოს დოდო ცინცაძის გარდაცვალებას ემოციურად ეხმაურებიან:

ნიკოლოზ რაჭველი:
“დდ (დეიდა დოდო) ასე ამთავრებდა მოწერილ ტექსტს… უძვირფასესი იყო ჩემთვის, ძალიან ძვირფასი…
რამოდენა ამაგი გასწია თითოეული მისი მოსწავლის მიმართ და როგორი ვალმოხდილი წავიდა ქართული საშემსრულებლო ხელოვნების წინაშე!!!
მე ათწლედელი არ ვარ და შესაბამისად დოდო ცინცაძის აღზრდილთა შორის არ ვიყავი, მაგრამ ძალიან ბევრი რამ დამრჩება მისგან მოსაგონრად…
უპირველესად კი ისეთი თანადგომა (არაერთმა კოლეგამ ზურგი რომ შემაქცია განსაკუთრებით მაშინ!), ისეთი უკომპრომისობა საკუთარი მტკიცე მოსაზრებებისადმი და ისეთი სიკეთე, ჩემს ირგვლივ ძალიან ცოტას რომ შეუძლია ასე უშურველად გასცეს…
ახალი გაგებული მაქვს მისი წასვლის ამბავი და მიჭირს აზრებს მოვუყარო თავი…
ვუთანაგრძნობ ჩემს უძვირფასეს მეგობრებს ნინოს, თათას და აკას, მის ოჯახსა და ათწლედს, მოსწავლეთა დიდ არმიას, რომლებიც მისი დამსახურებით ღირსეულად ემსახურებიან მუსიკას!
დეიდა დოდო
დიდი მადლობა ყველაფრისათვის”

ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე:

“ყოველთვის მიჭირს შევეგუო კარგი ადამიანის წასვლას ამ ქვეყნიდან. ქალბატონი დოდო ცინცაძე გარდაიცვალა. საოცარი პედაგოგი, მუსიკოსი და პიროვნება. არასოდეს არ დამავიწყდება მასთან სახლში ჩვენი ფორტეპიანოს გაკვეთილები, მიუხედავად იმისა რომ ათწლედში არ ვსწავლობდი მასთან მქონდა პატივი ერთი პერიოდი მემეცადინა. იგი ყოველთვის ღიმილიანი მხვდებოდა და ყოველთვის მგულშემატკივრობდა ისევე, როგორც მის მიერ აღზრდილ ძალიან ბევრ მუსიკოსსა და ახალგაზრდას.
ასეთი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ. მადლობა ღვაწლისთვის და ადამიანობისთვის!
ვიზიარებ ქალბატონი დოდოს ოჯახის და ყველა მისი ახლობლის მწუხარებას.
ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული”

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით დიდ მწუხარებას გამოვხატავთ მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” პედაგოგის, ქალბატონ დოდო ცინცაძის გარდაცვალების გამო.

2023 წლის 4 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ აღინიშნა მისი პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლის იუბილე. მისი კლასი მუდამ ვარსკვლვ პიანისტთა სამჭედლოდ ითვლებოდა.

გულითადად ვუსამძიმრებთ ქალბატონი დოდოს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მეგობრებს.
ეს მართლაც დიდი დანაკარგია ქართული სამუსიკო საზოგადოებისთვის.

პანაშვიდისა და დაკრძალვის დეტალებს გასაჯაროვებისთანავე გავაზიარებთ“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.