ირაკლი კობახიძე – რუსეთის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის

სანქციებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, ეს გრძელდება როგორც პირდაპირი გაგებით, სახელმწიფო სტრუქტურებზე, ასევე იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც სახელმწიფოსთან არიან დაკავშირებული, ასეთია საქართველოს რკინიგზა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს რკინიგზა ტენდერებს აფორმებს სანქცირებულ მოქალაქეებთან.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ინფორმაცია არასწორია.

„შეგიძლიათ დამატებით მოიძიოთ და დარწმუნდებით, რომ ეს ინფორმაცია არის არასწორი. რაც შეეხება სანქციებს. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა. ეს გრძელდება როგორც პირდაპირი გაგებით, სახელმწიფო სტრუქტურებზე, ასევე იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც სახელმწიფოსთან არიან დაკავშირებული, ასეთია საქართველოს რკინიგზა. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა. მართალია არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. მათ შორის არ არის დაშვებული თანამშრომლობა სანქცირებულ კომპანიასთან. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა. ყველამ ყველაფერი შეიძლება თქვას, მაგრამ შეგიძლიათ დამატებით მოიძიოთ ინფორმაცია და დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი“, – განაცხადა კობახიძემ.

Წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი