ჩინეთთან უვიზო რეჟიმის დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, მობილობის თვალსაზრისით და მეორე – ბიზნესის, ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების განვითარებისთვის. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ერთ-ერთი შედეგია, რომელიც „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ეტაპობრივად მოჰყვება.
„ჩვენ შარშან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი თანდათანობით პრაქტიკულ შედეგებში აისახოს. მორგი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით გასული დღეების განმავლობაში, ეს იყო სწორედ უვიზო რეჟიმი – კონსულტაციების საფუძველზე, ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. ამას წინ უსწრებდა ჩვენი ანალოგიური გადაწყვეტილება.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ, მობილობის თვალსაზრისით და მეორე – რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური კავშირების განვითარებას, კულტურული კავშირების განვითარებას. ყველა სფეროში გვაქვს ზრდის პოტენციალი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩინეთის ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავშირების განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციის შემდეგ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
იხილეთ Newshub.ge-ს გზამკვლევი ჩინეთისკენ.