„შეუძლია ომების შეჩერება“ – ორბანი ტრამპს შეხვდება

თუ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაბრუნდება თავის პოსტზე, რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ კვირას ფლორიდაში გაემგზავრება ტრამპთან შესახვედრად.

ორბანმა, ასევე, დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი უნგრეთისთვის მნიშვნელოვანია ომის შეჩერება, რომელიც მძვინვარებს.

„უკრაინაში ცხოვრობენ უნგრელებიც, რომელთაგან რამდენიმე დაიღუპა საომარი მოქმედებების დროს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა რაც შეიძლება მალე, ეს მთელი მსოფლიოს ინტერესებშია“, – აღნიშნა ორბანმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკის ტრამპს შეუძლია ომების შეჩერება.

კერძოდ, ორბანის თქმით, თუ ტრამპი კვლავ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და ისრაელის კონფლიქტი შეიძლება, უფრო სწრაფად მოგვარდეს.