ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია წარადგინა

ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან 2025-2027 წლამდე პერიოდში დაფინანსდება, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ახალი სტრატეგია მოუწოდებს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, 2030 წლისთვის თავიანთი თავდაცვითი აღჭურვილობის სულ მცირე 40 პროცენტი შეიძინონ.

„თავდაცვის ბიუჯეტი ყველა წევრ ქვეყანაში მკვეთრად იზრდება, ამიტომ, ჩვენ უნდა შევცვალოთ დახარჯვის გზა. ვინაიდან ჩვენ გვინდა მეტი ინვესტიცია, ჩვენ უნდა ჩავდოთ უკეთესი ინვესტიცია, რაც დიდწილად ნიშნავს ერთად ინვესტირებას და ევროპულ ინვესტიციას. პაკეტი, რომელსაც დღეს წარმოვადგენთ, არის იმისთვის, რომ მოგვცეს საშუალება, გადავიდეთ კრიზისზე რეაგირების რეჟიმიდან თავდაცვის მზადყოფნაზე ისე, რომ მჭიდროდ იყოს ჩართული უკრაინა. 1,5 მილიარდი დიდი თანხაა, როცა საქმე თავდაცვის ინდუსტრიას ეხება, მაგრამ ამან შეიძლება, იმუშაოს როგორც სტიმული, ბონუსი, როგორც წევრი ქვეყნების გაერთიანება, რადგან უფრო ძლიერი თავდაცვისთვის რეალური დაფინანსება წევრი ქვეყნებიდან მოდის და ეს დაფინანსება გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში. ვფიქრობ, ეს არის პერსპექტივა, რომელიც გვაქვს და როცა ომი ჩვენს საზღვრებთანაა, თუ არა ახლა, მაშინ როდის?“ – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგრეტე ვესტაგერმა.