რატომ არ არის გასაკვირი სისტემატური განცხადებები რუსეთის მოსალოდნელ “აგრესიაზე”, უკრაინაზე მისი გამარჯვების შემდეგ

ქართველი სამხედროები აღტაცებით შეჰყურებდნენ ნატოს სამხედრო ტექნიკის გამოჩენას უკრაინის ფრონტზე და თვლიდნენ, რომ ისინი ენით აუწერელ დარტყმას მიაყენებდნენ რუსეთის ჯარს. მოხდა პირიქით. სახელგანთქმული გერმანული ტანკები „ლეოპარდები“ ისე იოლად დაიწვნენ, როგორც „ბრედლები“ და ბოლოს ამერიკული „აბრამსი“. სხვა სამხედრო ტექნიკაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი — ნაწილი შავმიწანიადაგიან ტალახშია ჩაფლული, ნაწილი დანგრეულ-დაფხვნილი ფრონტის ხაზზე.

უკრაინის ჯარი უკან იხევს და მასთან ერთად 50 ქვეყნის „ბოევიკი“, თავის მართლებით — აშშ-ის კონგრესმა ფული არ გამოჰყო უკრაინის არმიის დასახმარებლადო. ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა არც იარაღი დაზოგეს და არც ტყვია-წამალი, რაკეტები უკრაინის არმიისთვის, თუმცა უშედეგოდ.

უკრაინელთა დაპირებული კონტრშეტევა, რახანია, ჩაიშალა. შეშფოთებული ნატოს წევრი ქვეყნები შეკრებას შეკრებაზე მართავენ — უკრაინისთვის რაკეტების მიწოდების საკითხის გადასაჭრელად, მაგრამ უშედეგოდ. რით არის აღნიშნული უსუსურობა გამოწვეული?

სინამდვილის დასადგენად ისტორიას უნდა გადავხედოთ. საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებს კარგად ემახსოვრებათ ტერმინი „გამალებული შეიარაღება“, ანუ იარაღის წარმოებაში ე.წ. შეჯიბრი ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების წევრ-ქვეყნებს შორის.

„შეიარაღების შეჯიბრმა“ მილიარდობით  დოლარი გადაყლაპა და ალბათ ტრილიონებს გაეთამაშებოდა, რომ არა „ცივი ომის“ დასრულება. მაგალითად, 1985 წელს აშშ-ს სამხედრო ხარჯებმა ეროვნული პროდუქტის 6,2%-ი შეადგინა, რაც კოლოსალური იყო  იმჟამინდელი მსოფლიოსთვის.

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ შეწყდა „შეიარაღების შეჯიბრი“. 1991 წლის აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი შემცირდა 288,9 მილიარდ დოლარამდე, ანუ ეროვნული პროდუქტის 3%-ი.

კლება დიდხანს არ გაგრძელებულა, მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე და 2002 წლისთვის აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტმა 318 მილიარდი შეადგინა — ეროვნული პროდუქტის 3,2%-ი. სამხედრო ბიუჯეტის ზრდას ხელი ჰკრა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტებმა და აშშ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ. გაეჩაღებინა საყოველთაო ომი ტერორიზმის წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში, 2004 წლის ბიუჯეტი 400 მილიარდი გახდა. 2018 წელს — 700 მილიარდი. სტატისტიკის მიხედვით, „შეიარაღების შეჯიბრმა“ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, 10 წლის განმავლობაში — 1991-2000 წლები საგრძნობლად მოიკლო მთელს მსოფლიოში, ანუ ერთი მესამედით, ანუ 4 ტრილიონი დოლარით.

2000 წლის შემდეგ ისევ დაიწყო ზრდა. მიზეზი — რუსეთის შეჩერება, ჩინეთის საფრთხე. სტოკჰოლმის საერთაშორისო სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, მსოფლიოს სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 2,24 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ანუ მსოფლიო ეროვნული პროდუქტის 2,2%. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯებმა 1,19 ტრილიონი დოლარი.

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 206 სახელმწიფოა, აქედან 2022 წლის მონაცემებით, ნატოს წევრი 30 ქვეყანა უფრო მეტს ხარჯავდა სამხედრო ბიუჯეტისთვის, ვიდრე ერთად აღებული 176 ქვეყანა, რომელთა მოსახლეობა პლანეტის მოსახლეობის 89,4%-ი იყო.

2014-2022 წლებში ნატოს სამხედრო ხარჯებმა 26,2 % შეადგინა.

როგორი იყო ნატოს არაწევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯები?

ჩინეთის — 292,0 (13,%), რუსეთის — 86,4 (3,9%), ინდოეთის — 81,4 (3,6%), საუდის არაბეთის — 75,0 (3,3%). ამ ოთხი ქვეყნის სამხედრო ხარჯებმა, ნატოს სამხედრო ხარჯების 45% შეადგინა.

დასახელებულ 4 ქვეყანაში 3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 37,5%-ია. ერთ სულ მოსახლეზე გამოყოფილი სამხედრო ხარჯი ნატოს წევრ ქვეყნებში 7-ჯერ აჭარბებს კვარტეტის ხარჯებს.

2022 წელს ნატოს 30 წევრი ქვეყნის საერთო ეროვნული პროდუქტი იყო 46,95 ტრილიონი დოლარი, აქედან აშშ-ს — 25,46 ტრილიონი. ნატოს სამხედრო ხარჯები, აშშ-ის გამოკლებით, იყო 31,3%. ამ ჩამორჩენის თაობაზე აშშ-ი სისტემატურად ახსენებდა ნატოს წევრ ქვეყნებს — 2% მაინც გადაეხადათ თავიანთი ეროვნული შემოსავლიდან. თუმცა თხოვნა, ბრძანების ტოლი, დღესაც არ არის ბოლომდე შესრულებული.

2014 წელს მხოლოდ სამი ქვეყანა ასრულებდა დავალებას, 2016 წელს — 5, 2019-20 წლებში — 9, 2022 — 11. იმ ქვეყნებს შორის რომლებიც დავალებას პირნათლად ასრულებენ იყვნენ საბერძნეთი — 3,54%, რითაც ის უსწრებს აშშ-ს 3,46%. შემდეგ მოდიოდნენ პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი. ყველაზე ჩამორჩენილები იყვნენ გერმანია — 1,49%, ესპანეთი — 1,09% და ლუქსემბურგი — 0,62%.

ა.წ. 15 თებერვალს ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თათბირი, რომელზეც გამოითქვა მოსაზრება, რომ ნატოს წევრი 31 ქვეყნიდან 18 ბოლოსდაბოლოს შეასრულებს დავალებას და ნატოს ბიუჯეტში შეიტანს 2% ეროვნული პროდუქტის წარმოებიდან.

ნატოს წევრი ქვეყნები შეაშფოთა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის განცხადებამ, თუ ის გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, აიძულებს ყველას გადაიხადონ 2%, წინააღმდეგ შემთხვევაში თვალს დახუჭავს მათ მიმართ რუსეთის აგრესიაზე.

“რუსეთის აგრესია”, ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული — უკრაინის დამარცხების შემდეგ, იყო და არის ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფის ის შესაძლებლობა, რომელიც აიოლებს ამ პროცედურას. ამდენად სულაც არ არის გასაკვირი სისტემატური განცხადებები რუსეთის მოსალოდნელ აგრესიაზე.

არადა, პრეზიდენტმა პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან საუბრის დროს ხაზგასმით აღნიშნა ამ მოსაზრების აბსურდულობა. იგივე გაიმეორა ა.წ. 29 თებერვალს ფედერალური კრების წინაშე წლიური ანგარიშით გამოსვლის დროს. ამასთანავე მან პასუხი გასცა საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის მიერ გამოთქმულ ვარაუდს, საფრანგეთის და არა მარტო საფრანგეთის, არამედ ნატოს ჯარის უკრაინაში გაგზავნის თაობაზე.

პუტინმა ისიც თქვა, რომ რუსეთს საკმაო ძალები გააჩნია აღნიშნული სამხედრო ძალის გასანადგურებლად, თუმცა იმაზეც მიანიშნა, რომ მაკრონის გაჟღერებული პროვოკაცია მესამე მსოფლიო ომის გამოწვევის მომასწავებელია.

მაკრონის განცხადებამ მის ევროპელ კოლეგებში უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია. ბევრმა მათგანმა განაცხადა, რომ არ იზიარებს მაკრონის მოსაზრებას.

არის თუ არა მაკრონის განცხადება სპონტანური?

უდავოდ არა! როგორც ჩანს, ამის თაობაზე ბლოკში მიდის აზრთა გაცვლა-გამოცვლა, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგომისთვის მენტალური ნიადაგის შემზადება.

საბჭოთა საქართველოში რეკლამა არ იყო და თუ იყო — გამონაკლისის სახე ჰქონდა, თანაც ისეთი, უფრო მოწოდებას რომ ჰგავდა და არა რეკლამას. გმირთა მოედანზე, თერთმეტსართულიანი სახლის თავზე, დიდი ასოებიანი წარწერა სწორედ ასეთი ხასიათისა იყო — „ცეცხლთან თამაში იწვევს ხანძარს“.

ფრთხილად, პატივცემულებო.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი