სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ნატო-ს მხრიდან გაზრდილი საფრთხის გამო, რუსეთმა ორი ახალი სამხედრო ოლქი შექმნა

ნატო-ს მხრიდან საფრთხის გაზრდის გამო, რუსეთმა ორი ახალი სამხედრო ოლქი შექმნა, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ლენინგრადის და მოსკოვის სამხედრო ოლქების შექმნა საგრძნობლად გაზრდის ჯარების მართვისა და კონტროლის ეფექტურობას.

„რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერების ფონზე, ალიანსის გაფართოებით, ფინეთის და მომავალში შვედეთის ხარჯზე, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ჩრდილო-დასავლეთისა და დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებებში ჯარის გასაძლიერებლად. შეიქმნა შეიარაღებული ძალების ორი სახეობათაშორისი სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანება – ლენინგრადის და მოსკოვის სამხედრო ოლქები. ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების შემადგენლობისა და სტრუქტურის გაუმჯობესებას რუსეთის ფედერაციის სამხედრო უსაფრთხოებისთვის წარმოქმნილი საფრთხეების პროპორციულად“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.