სომხეთის ხელისუფლება ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს

სომხეთის ხელისუფლება ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს. სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებით, სომხეთის პოზიციაა, რომ ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურება მთლიანად სომეხმა მესაზღვრეებმა უნდა განახორციელონ.

„სომხეთს აქვს მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ოფიციალური წერილით აცნობა რუსეთის ფედერაციას ამის შესახებ“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

კითხვაზე, რატომ გაჩნდა ასეთი საჭიროება, გრიგორიანმა უპასუხა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი პოტენციალს იძენს სხვადასხვა მიმართულებით და ამ დროისთვის სომხეთს აქვს აეროპორტის სრული კონტროლის პოტენციალი.

მანამდე, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სწორი იქნება, თუ რუსი მესაზღვრეები ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტს დატოვებენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ერევნის ზვართნოცის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის თაობაზე სომხეთს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და ოფიციალური არხებით რუსეთისთვის არ უცნობებია.