ვისი ლობირებით და რატომ შეწყდა საქართველოში იაფი და ეფექტური ონკოლოგიური წამლების შემოტანა?

მედიკმენტების იმპორტიორ კომპანია „ვილბი ფარმას“ საქმიანობა შეუჩერეს, არადა ფირმას ონკოლოგიური პაციენტებისთვის წამლები იმაზე ბევრად იაფად შემოჰქონდა, ვიდრე ქართულ ბაზარზე ყიდიან სხვა კომპანიები. ყველაზე მძიმე პაციენტების პრეპარატები ახლა დალუქულია და წამოწყებული სასამართლოს დასრულებამდე არ გაიხსნება. „ვილბი ფარმაში“ ამბობენ, რომ მათი მხრიდან წესები სრულად დაცულია და შესაბამისად, იკვეთება მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ინტერესი.

საქმე ისაა, რომ „ნოვარტისის“ საქართველოს წარმომადგენლობის საჩივრის საფუძველზე 2023 წლის 5 დეკემბერს პრეპარატები დალუქეს. ამ დროს კი „ნოვარტისს“, რომლის პარტნიორია კომპანია „ავერსი“, თავად შემოაქვს ამ პრეპარატების ნაწილის ანალოგი საქართველოში და ბაზარზე მათი ფასი, რამდენჯერმე აღემატება „ვილბი ფარმას“ მიერ შემოტანილი მედიკამენტების ფასს.

ირკვევა, რომ სახელმწიფომ „ვილბი ფარმა“ მილიონ ნახევარი ლარით დააფინანსა, რადგან ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტები ქვეყანაში შემოეტანა, თუმცა რატომღაც პრობლემამ იჩინა თავი.

რეალურად, რასთან გვაქვს საქმე და როგორ გაწირეს ონკოპაციენტები სასიკვდილოდ ჯანდაცვის სამინისტრომ და წამლის სააგენტომ, იმ მოტივით, თითქოს „ვილბი ფარმას“ უხარისხო პრეპარატები შემოჰქონდა – „რეზონანსთან“ ყველა დეტალზე კომპანიის უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა.

“რეზონანსი”: პირველ რიგში, სანამ უშუალოდ დეტალურად გავშლით საკითხს, რა მოხდა და რატომ მივიდა საქმე სასამართლომდე?

გელა ნიკოლაიშვილი: მოგეხსენებათ, ონკოლოგიურ პაციენტებს სახელმწიფო, გარკვეულწილად, აფინანსებს. ისიც ვიცით, რომ ასეთი პაციენტების წამლები ძალიან ძვირი ღირს. დაახლოებით ერთი წლის წინ ფირმა შპს “ვილბი ფარმამ” მოახერხა კონტაქტის დამყარება ბანგლანდეშის ერთ-ერთ ფირმასთან, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა პრეპარატებს. “ვილბი ფარმამ” სახელმწიფოს შესთავაზა, რომ შემოიტანდა გაცილებით იაფად მედიკამენტებს ონკოლოგიური პაციენტებისთვის. სახელმწიფომ ფირმას დაუფინანსა დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარით, 551 ონკოლოგიური პაციენტისთვის წამლები. ზოგიერთი ონკოპაციენტი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

სახელმწიფოს ინტერესებშიც იყო ეს საკითხი. მედიკამენტები დარეგისტრირებული არ იყო, მაგრამ ქართულ ბაზარზე დაურეგისტრირებელი მედიკამენტები ფორმა 100-ის საფუძველზე შემოსვლა კანონით დაშვებულია და ასეთი ფაქტები ასიათასობითაა. „ვილბი ფარმაც“ სწორედ, ფორმა 100-ის საფუძველზე ახორციელებდა შემოტანას.

პაციენტები იყვნენ კმაყოფილნი. შემოტანილი წამლები ინახებოდა აფთიაქში. აფთიაქთან ჰქონდა შპს-ს დადებული შენახვა-მიბარების ხელშეკრულება, ვინაიდან წამლებისთვის საცავი აუცილებელი იყო. პაციენტები აფთიაქში მიდიოდნენ, იღებდნენ მედიკამენტებს, აფთიაქი კი გადახდის დოკუმენტებს, იგივე ანგარიშსწორებას სახელმწიფოსთან ახდენდა ჩვეულებრივად. ამ კუთხით არანაირი შეზღუდვა, პრეტენზია ან ეჭვი არ ყოფილა.

დეკემბერში დაიწყო შეტევა აღნიშნულ ორგანიზაციაზე, თან ეს მოხდა მაშინ, როდესაც თვითონ ჯანდაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ ცალკეული მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები ხელოვნურად ქმნიან ონკოლოგიურ მედიკამენტებზე დეფიციტს და 3-4-ჯერ ძვირად ყიდიან წამლებს. ბანგლადეშიდან შემოსული მედიკამენტები კი გაცილებით იაფი და ეფექტური იყო. როგორც ჩანს, ბაზარზე კომპანიების მონოპოლიური მდგომარეობა შეირყა და ვიღაცები ძალიან შეწუხდნენ.

“ვილბი ფარმას” წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება. ჯერ იყო შემოწმება, პრეტენზია, რომ რატომ ხდება ისეთი წამლების მიწოდება, რომლებიც არ არის რეგისტრირებული. „ვილბი ფარმას“ მხრიდან იყო პასუხი, რომ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ისინი მედიკამენტების შემოტანას ფორმა 100-ის საფუძველზე, პაციენტების ინდივიდუალური საჭირობისთვის ახორციელებდნენ და არ არიან გამონაკლისი.

ჯანდაცვის სამინისტრომ  ძალიან კარგად იცოდა, რომ წამლები არ იყო რეგისტრირებული, მაგრამ მილიონ ნახევრით მაინც მოხდა მათი დაფინანსება.

ამის შემდეგ მიდგნენ ექიმებს, თუ რატომ წერდნენ ფორმა 100-ს. ექიმებმა უპასუხეს, რომ ამ წამლებმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა ან გაუხანგრძლივა სიცოცხლე. ამის შემდეგ პაციენტებს ეკითხებოდნენ, ხომ არავინ დაზიანდა. აღმოჩნდა, რომ არც ერთი პაციენტი არ გამოხატავდა პრეტენზიას და ყველა კმაყოფილი იყო.

 “რ”: როგორც ვიცი, მედიკამენტები ახლა დალუქულია და ეს პროცესი იქამდე გასტანს სანამ სასამართლო არ დასრულდება?

გ.ნ: დიახ, დაახლოებით 300 ათასი ლარის წამალია დალუქული და უკვე დეფიციტია. ონკოპაციენტები გამოთქვამენ პროტესტს სამინისტროს მიმართ. დალუქულ მედიკამენტებს თავისი ვადები აქვს და შეიძლება გაფუჭდეს.

“რ”: როგორ ფიქრობთ, ზურაბ აზარაშვილის ჯანდაცვის მინისტრიდან გათავისუფლება რაიმე კავშირშია ამ საქმესთან?

გ.ნ: დროში დაემთხვა თუ რამე კავშირში – არ ვიცი, მაგრამ ამას მოჰყვა ჯანდაცვის მინისტრის გათავისუფლება. ყოველ შემთხვევაში, მისი მინისტრობის ბოლო პერიოდში დაიწყო ეს შეტევა „ვილბი ფარმას“ წინააღმდეგ.

სიტუაცია იყო ასე, რომ ზურაბ აზარაშვილის გადადგომამდე ერთი თვით ადრე დაიწყო შიდა აუდიტი, შემოწმება და გამოკითხვები.

“რ”: ვინმეს ინტერესს ხედავთ ამ საქმეში?

გ.ნ: მსხვილი ფარმაკოლოგიური კომპნიების ინტერსის გარდა სხვას ვერაფერს ვხედავ. როდესაც ვიღაცას იაფი და ხარისხიანი მედიკამენტი შემოაქვს, ბუნებრივია, სხვებს ეზღუდებათ მოქმედების არეალი და ვფიქრობ, მათი ინტერესი უნდა იყოს ამ თემის წამოწყება. შეიძლება ნებისმიერი კომპანია იყოს, მათ შორის “ავერსიც”.

“რ”: კონკურენციის პირობები რამდენად დაირღვა?

გ.ნ: რა თქმა უნდა, დაირღვა. “ვილბი ფარმას” შეუჩერეს საქმიანობა. შეიძლება ბრენდული არა, მაგრამ ხარისხიანი და იაფი მედიკამენტები, რომელიც შემოდიოდა ბანგლადეშიდან, აღარ შემოდის. ვერავინ იტყვის, რომ ეს წამლები იყო უხარისხო და რომელიმე პაციენტი დაზარალდა, პირიქით, ზიანია იმ მხრივ, რომ ეს პრეპარატები აღარ შემოდის. ზარადლდება მოქალაქე, ზარალდება სახელმწიფო, ზარალდება ბიზნესი.