რუსულ-ჩინურმა ტანდემმა აშშ უნდა აიძულოს, გადავიდეს უფრო კონსტრუქციულ, ნეოიზოლაციონიზმის პოზიციაზე – სერგეი კარაგანოვი

პეკინი არის მთავარი გარე რესურსი ჩვენი შიდა განვითარებისთვის, მოკავშირე და პარტნიორი უახლოეს მომავალში. ღირს ჩინეთის საზღვაო და სამხედრო-სტრატეგიული ძალაუფლების განვითარების ხელშეწყობა, რათა შეერთებულ შტატებს ჩამოერთვას აგრესიული ჰეგემონის როლი და ხელი შეუწყოს მის გადასვლას შედარებით კონსტრუქციულ, ნეოიზოლაციონიზმის პოზიციაზე, რომელიც 1930-იანი წლების მსგავსი იქნება, თან, ბუნებრივია, ახალ მსოფლიოზე მორგებული.

ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთს ავსებენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათი კოალიციის შესანარჩუნებლად და, წარმატების შემთხვევაში, ეს კოალიცია, წლების განმავლობაში, შეიძლება გახდეს განმსაზღვრელი ფაქტორი ახალი მსოფლიო სისტემის მშენებლობაში. სასიხარულოა, რომ საგარეო პოლიტიკის თანამედროვე ჩინური ფილოსოფია ჩვენს ფილოსოფიასთან ახლოსაა.

ამავდროულად, რუსეთის ბუნებრივი სტრატეგია უნდა იყოს ცალმხრივი ეკონომიკური დამოკიდებულების აღმოფხვრა, ასევე მუშაობა ჩინეთის „მეგობრულ დაბალანსებაზე“ – თურქეთთან, ირანთან, ინდოეთთან, პაკისტანთან, ASEAN-ის ქვეყნებთან, არაბულ სამყაროსთან, ორივე კორეასთან და თუნდაც მომავალში იაპონიასთან ურთიერთობების განვითარების გზით. კორეათაშორისი კონფლიქტის პრევენცია, რომელიც შეიძლება პროვოცირებული იყოს შეერთებული შტატების მიერ, ყველაზე დიდი გამოწვევაა. „მეგობრული დაბალანსების“ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა იყოს ციმბირის ახალი განვითარება. დაბალანსება ასევე სასარგებლოა პეკინისთვის; ის მიმართული იქნება იმ შიშების შესამცირებლად, რომლებსაც ჩინეთის ევრაზიელი მეზობლები განიცდიან სახალხო რესპუბლიკის მზარდი ძალაუფლების მიმართ. დაბოლოს, ჩინეთთან მეგობრული, თითქმის სამოკავშირეო ურთიერთობები, ინდოეთთან მეგობრული ურთიერთობები და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის განვითარება გამიზნულია, გახდეს უსაფრთხოების, განვითარებისა და თანამშრომლობის სისტემის საფუძველი დიდ ევრაზიაში. იმედი მაქვს, რომ ამ სისტემის შექმნა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ოფიციალური მიზანი გახდება.

ასეთი სტრატეგია ასევე გადაიქცევა რუსეთის დამცავ მექანიზმად იმ შემთხვევაში, თუკი ჩინეთში, რომელიც ბოლო საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანი იყო, მოულოდნელად გაიღვიძებს ამ ქვეყნის ისტორიული ექსპანსიონისტური ტენდენციები, მათ შორის, მონღოლური გენები. თუმცა, შეგახსენებთ, ეს გენები გვაერთიანებს. ორივე ქვეყანა მრავალი თვალსაზრისით არის ჩინგიზ-ხანის დიდი იმპერიის მემკვიდრე. საერთო ფესვების ამოცნობა ორივე ქვეყნის ისტორიკოსებისთვის მომხიბლავი გამოწვევაა. თუ რუსეთი დარჩება ძლიერი, რისთვისაც იბრძვის, ჩინეთი შეინარჩუნებს მშვიდობისმოყვარე გიგანტის პოზიცის და ორივე ქვეყნისა და ხალხის ლიდერები განავითარებენ მეგობრობას, ეს წყვილი გახდება საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის საყრდენი.

 

გავლენიანი რუსი ანალიტიკოსის, სერგეი კარაგანოვის ეს მნიშვნელოვანი სტატია სრულად, რუსულ ენაზე, ნახეთ: “Век войн? Статья вторая. Что делать