ლგბტ პროპაგანდის მხარეს რომ იჭერენ და ვერ ემიჯნებიან, ამის გადასაფარად „ნაცმოძრაობას“ როზნერი ფასების თემის წამოწევას სთავაზობს, რაშიც შეგნებულად შევყევით, სადაც მართალი ხარ, იმას არ დააიგნორებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერემი როზნერთან „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერს და დავალებების მიმცემებს აქვთ კავშირი, რიგითმა წევრებმა კი არ იციან, რა დავალებებს გასცემს როზნერი.
„ისევე, როგორც „ნაცმოძრაობის“ ბევრმა წარმომადგენელმა პირადად ჩემგან გაიგო საქართველოს პარლამენტში, რომ ბაკურიანის შეკრება შედგა, ასეთივე განხეთქილება იქნება ახლა მათ შორის. რატომ? ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ როზნერი, როგორც ჩანს, თანამშრომლობს და კომუნიკაციაშია მათ ე.წ. პიარშიკებთან, სინამდვილეში დავალების მიმცემებთან. როგორც ჩემთვის ცნობილია, შეიძლება არ იყოს მთლად ზუსტი ინფორმაცია, სულ ორ-სამ ლიდერს აქვს ამის შესახებ ინფორმაცია – როზნერი „ნაცმოძრაობაში“ ისეთ დავალებებს იძლევა, რომ რიგითმა წევრებმა, ლიდერების და მათი ე.წ. პიარშიკების, რეალურად დავალებების მიმცემების გარდა, ამის შესახებ არ იციან. ამ დროს, „რუსთავი 2“ -ის ინფორმაცია უტყუარად ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ როზნერი, ლგბტ თემის გადასაფარად, ლგბტ პროპაგანდის მხარეს რომ იჭერენ რეალურად და ვერ ემიჯნებიან, ფასების თემის წამოწევას სთავაზობს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, პიჯაკებით და ჰალსტუხებით იარონ, რათა ხალხში დატოვონ განცდა, რომ ხელისუფლებაში მოდიან.
„მათ მოუწოდებენ სულ ჰალსტუხებში, მოწესრიგებულებმა და დავარცხნილებმა იარონ, რათა განცდა დატოვონ, რომ ხელისუფლებაში მოდიან. წარმოიდგინეთ, მართლა ასე ავალებენ – სულ პიჯაკირებულებმა, კოსტიუმირებულებმა, ჰალსტუხირებულებმა, დავარცხნილებმა უნდა იაროთ, რომ განცდა დარჩეს ადამიანს, თქვენ მოდიხართ ხელისუფლებაში და ფასებზე უნდა ილაპარაკოთ დღენიადაგო. ჩვენ ამ ფასების თემაში შეგნებულად შევყევით, არ დავაიგნორეთ თემა, რადგან სადაც მართალი ხარ, იმას არ დააიგნორებ. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რეალურად ვზრუნავთ. ხალხზე მზრუნველი „ნაცმოძრაობა“ – ამაზე ცინიკური და როზნერისეული სატირული ანეკდოტი არ შეიძლება, ბუნებაში არსებობდეს. მზრუნველის იმიჯი „ნაცისგან“ არ გამოვა, მწამებლის იმიჯი უკვე გამოსულია უკვე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.