საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ერიკ ნუსბაუმერთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს შვეიცარიას ჟენევის ფორმატში მედიაციისთვის.
„დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ქვედა პალატის პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. მას მადლობა გადავუხადეთ შვეიცარიის როლისთვის, რასაც შვეიცარია ასრულებს მედიაციის მხრივ ჟენევის ფორმატში. შვეიცარიის გვერდში დგომის დამსახურებაა ის, რომ რეგიონში არსებული რთული სიტუაციისა და გამოწვევების კვალობაზე საქართველო სწორედ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებით სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს. საუბარი იყო საპარლამენტო ურთიერთობაზე. ჩემი კოლეგა საქართველოში ორი წლის წინ იმყოფებოდა, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე – არა, თუმცა დელეგაციის წევრი იყო, თბილისში მისი ვიზიტი გავიხსენეთ. ასევე ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის აპარატების თანამშრომლობაზე. განსაკუთრებით, რაც შეეხება ახალგაზრდების მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში. ამ მხრივ შვეიცარიას კარგი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებას სიამოვნებით გავეცნობით. ყველა სექტორზე ვისაუბრეთ, რაზეც ქვეყნები ვთანამშრომლობთ. ეს განსაკუთრებით ეხება სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის საკითხებს, ამ თვალსაზრისით იმ საკანონმდებლო ჩარჩოზე ვისაუბრეთ, რაც შვეიცარიაში არსებობს და იმ გეგმებზე, რაც საქართველოს პარლამენტს აქვს ენერგოდამოუკიდებლობის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის კუთხით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა, ერიკ ნუსბაუმერმა განაცხადა, შეხვედრა შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს ეხებოდა.
„საქართველოს 2022 წელს ვესტუმრე. შეხვედრაზე ორმხრივ შეთანხმებებთან, ეკონომიკურ განვითარებასა და გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. ძალიან კარგი შეხვედრა იყო“, – განაცხადა ერიკ ნუსბაუმერმა.