კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა [საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით] “ქართულ ოცნებას” სავსებით მარტივად შეუძლია, პარლამენტში ამისთვის სავსებით საკმარისი ხმები აქვს, ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება. ამ სიტუაციაში უფრო მნიშვნელოვანი ის არის, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციას და ვეტოს დაძლევამდე მიღებულ კანონს დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან, თუ არა?
ხმალაძის აზრით, ვეტოს დაძლევის შედეგად მივიღებთ “ქართული ოცნების” მიერ სრულად კონტროლირებად საარჩევნო ადმინისტრაციას. ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინების მოსურნეთ ამის გაკეთება პრეზიდენტის ვეტომდე შეეძლოთ. ეს ყოველივე ქმნის განწყობას, რომ „ოცნება“ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, რითაც თავადვე უწყობს ხელს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გართულებას.
ვახტანგ ხმალაძის თქმით, არა ერთ ქვეყანაში არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარად ფორმირების პრაქტიკა, როცა არჩევნებში მონაწილე პარტიები ნიშნავენ კომისიის წევრებს და მმართველი პარტიის წარმომადგენლობა არ ქმნის უმრავლესობას.
„ნებისმიერი კანონი არა მხოლოდ სამართლებრივი აქტია, არამედ ის ითვალისწინებს პოლიტიკურ ვითარებასა და მიზანს. კანონი სამართლებრივიც არის და პოლიტიკურიც. ე.წ საარჩევნო კანონები ყველაზე მეტად არის პოლიტიკური ხასიათის. ის, თუ როგორი იქნება კანონი და როგორი უნდა იყოს, დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც არის კონკრეტულ სახელმწიფოში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით როგორია საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ ნდობა”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
მისივე თქმით, არსებობენ ძველი დემოკრატიის ქვეყნები, სადაც არჩევნებს ატარებს აღმასრულებელი ხელისუფლება და არა სპეციალური საარჩევნო ადმინისტრაცია, მაგრამ ეს ის ქვეყნებია, სადაც არსებობს სახელისუფლებო შტოების რეალური დანაწილება – სასამართლო დამოუკიდებელია, საჯარო მოხელეები იცავენ კანონს, საზოგადოებას ენდობა ხელისუფლებას და შესაბამისად არჩევნების შედეგებსაც.
“საქართველოში სრულიად განსხვავებული ვითარებაა, ამიტომ აქ, საარჩევნო ადმინისტრაციის სრულიად განსხვავებული სისტემა უნდა იყოს”, – აცხადებს ხმალაძე.
კონსტიტუციონალისტის შეფასებით, საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების სისტემა თანდათან ფუჭდება. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა (მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდა ის მდგომარეობა, რომ ცესკო-ში მმართველ პარტიას უმრავლესობა არ ჰქონდა), ვითარება სულ უფრო უარესდება. ბოლო ცვლილების შედეგად კი, ცესკო-ში მმართველ პარტიას უკვე 2/3-იანი უმრავლესობა ეყოლება. ასეთივე პროპორცია იქნება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებშიც. ასეთი კომისიების მიმართ საზოგადოების უდიდეს ნაწილში ნდობის ხარისხი უაღრესად დაბალი იქნება, ხოლო არჩევნების შედეგების მიმართ დიდი და არც თუ უსაფუძვლო ეჭვი იარსებებს, კომისიებმა ზედმიწევნით კეთილსინდისიერადაც რომ იმუშაონ.
ვახტანგ ხმალაძეს წლების წინ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, რომელიც ოპოზიციას წარმოადგენდა. მაშინ იმ კომისიამ რამდენიმე არჩევნები ჩაატარა – ადგილობრივი თვითმმართველობის, საპრეზიდენტო და დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებული რეფერენდუმი. როგორც ხმალაძე იხსენებს, მაშინ კომისიის ობიექტურობის მიმართ პრეტენზიები საზოგადოების მხრიდან არ ყოფილა, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესიც გაცილებით დემოკრატიული იყო, ვიდრე დღეს არის.
“პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოში კომუნისტებმა ჩაატარეს. მაშინ ცესკო შემდეგნაირად იქმნებოდა: კომისიის 5-წევრს, მათ შორის თავმჯდომარეს, ნიშნავდა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, ან ხელისუფლება. შემდგომ წლებში კი, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია ნიშნავდა თითო წევრს. “მრგვალი მაგიდის” ხელისუფლების დროს (ეს იყო რამდენიმე პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკი), კიდევ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა არჩევნებში. “მრგვალ მაგიდას” უმრავლესობა არ ჰქონია“, – იხსენებს ვახტანგ ხმალაძე.
დღეს საქართველოში, არჩევნების გაყალბების მექანიზმებს შესანიშნავად ფლობს მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ის თავად იყო ხელისუფლებაში და საარჩევნო კომისიების ფორმირების წესიც მათ სასარგებლოდ იყო აწყობილი. მაგრამ, როცა ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, საარჩევნო კოდექსის კრიტიკა დაიწყეს.
ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ცესკოს ფორმირების ისეთი ცუდი წესი, როგორი დღეს არის, არასდროს ყოფილა საქართველოში. არჩევნების მიმართ ნდობის ხარისხი ვერ გაიზრდება, თუ საარჩევნო კომისიებში ერთ პარტიას ექნება უმრავლესობა. ასეთი კომისიების პირობებში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სადამკვირვებლო მისიებზე. ერთი მხრივ შიდა დამკვირვებლებზე და მეორე მხრივ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე. თუ დამკვირვებლები იტყვიან, რომ დარღვევები იყო უმნიშვნელო, მაშინ საზოგადოებაში მკვეთრი უნდობლობა არ იქნება.
შორენა პაპაშვილი (“დალმანიუსი”)