მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის, სი ძინპინი, პუტინს გამარჯვებას ულოცავენ

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი გულწრფელად ულოცავს ვლადიმირ პუტინს გადამწყვეტ გამარჯვებას და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„ბიბისის“ ინფორმაციით, პუტინს ულოცავს ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადუროც.

„ჩვენმა ძველმა ძმამ ტრიუმფალურად გაიმარჯვა, რაც კარგია მსოფლიოსთვის“, – ამბობს მადურო.

რუსეთის კვლავ არჩეულმა პრეზიდენტმა მოლოცვები ჩინეთიდანაც მიიღო. სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა სი ძინპინმა პუტინს გამარჯვება მიულოცა.

„მჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთი შეძლებს, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს სახელმწიფოს განვითარებასა და მშენებლობაში“, – აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა მილოცვაში.

სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

გარდა ამისა, სი ძინპინმა გამოთქვა მზადყოფნა მოსკოვთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მდგრადი განვითარებისა და მჭიდრო ურთიერთქმედების ხელშეწყობისთვის.

სი ძინპინამდე რამდენიმე საათით ადრე, პუტინს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მიულოცა გამარჯვება.

პუტინი დღის განმავლობაში მოლოცვებს იღებს მსოფლიოს სხვა ლიდერებისგანაც.

რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმირ პუტინმა ხმების 85.13 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 6,65 პროცენტი მიიღო, ნიკოლაი ხარიტონოვმა – 3.84 პროცენტი, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ – 2.83 პროცენტი.