რა უპასუხა ტრამპმა შეკითხვას, გააგრძელებს თუ არა ის უკრაინის იარაღით მხარდაჭერას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, გააგრძელებს თუ არა ის უკრაინის იარაღით მხარდაჭერას, თუ აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ პუტინი უკრაინის ნაწილს და მთელ უკრაინას არ დაიპყრობს.

„ვიდრე მე პრეზიდენტი გავხდები, კიდევ 9 თვე გავა. ეს პოლიტიკისა და ომისთვის უზარმაზარი პერიოდია. რუსეთს ჰყავს ძლიერი არმია, მაგრამ უკრაინელებიც ძალზე მამაცად იბრძვიან, საბოლოოდ აუცილებელია შეთანხმების მიღწევა და კომპრომისის მოძებნა“ ,- ამბობს დონალდ ტრამპი.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის საკითხი მისთვის ძალზე მტკივნეულია და ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი უკრაინაში შეჭრას ვერ გაბედავდა.

„მე პუტინს კარგად ვიცნობდი, მასთან კარგი ურთიერთობები მქონდა. ის არასოდეს გაბედავდა ფართომასშტაბიან აგრესიას, მე პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი. ჩვენ ნამდვილი ლიდერი რომ გვყოლოდა, ის ამას არ გააკეთებდა. ის ამას წლების მანძილზე არ აკეთებდა და არავითარი საფრთხე არ არსებობდა, რომ ამას ოდესმე გააკეთებდა. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ყველა ეს ადამიანი ისევ იცხოვრებდა ამ ლამაზ ქალაქებში, იმ ძველებურ სახლებში, ეს უნიკალური კულტურაა. და ეს საშინელი სიტუაციაა“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი.

რამდენიმე თვის წინ დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, უკრაინას, შესაძლოა, გარკვეული ტერიტორიის დათმობა მოუწიოს.