ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთი ნატოზე თავდასხმას 2026 წელს შეძლებს

რუსეთს, შესაძლოა, მალე ისეთი სამხედრო პოტენციალი ჰქონდეს, რომ ნატოზე თავდასხმა 2026 ან 2027 წელს შეძლოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

„განგაშის ზარი რეკავს: ჯერ კიდევ 2-3 წელია დარჩენილი, რომლის დროსაც ჩვენ გვჭირდება ძალისხმევის გაზრდა, საბრძოლო მასალის შეგროვება, იარაღის წარმოება, ევროპის უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა და შესაძლო შეჭრისთვის მომზადება“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.

დუდამ ასევე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ამერიკული ფული საკმარისი არ იქნება.

„რუსული აგრესია ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს. თუ არ შეჩერდა, მაშინ ვშიშობ, ამერიკული ფული არ იქნება საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად. ამერიკული ჯარების ჩარევა კი არავის უნდა“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, თავდაპირველად კი, რუსეთის მიერ ნატოზე შესაძლო თავდასხმის შესახებ განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გააკეთა.

პისტორიუსის განცხადებით, ალიანსი რუსეთის თავდასხმისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შესაძლოა, 7-8 წელიწადში მოხდეს.