„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ვეტინგთან“ დაკავშირებით ომბუდსმენის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„გიორგი ბურჯანაძე არის სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და ის ადამიანი, რომელიც ცალ ფეხზე დგომას გვთხოვდა. ზუსტად ორ ფეხზე რომ ვიდექით, მყარად, ამიტომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ამიტომ მიდის ქვეყანა წინ.
დავამთავრეთ „ვეტინგზე“ ლაპარაკი – ქვეყნის გარედან ქვეყანა არ იმართება. მოკლე და თავმოყვარე პრინციპია. ცალ ფეხზე ქვეყანა არასდროს დადგება. ჩვენ ორ ფეხზე, მყარად გავაგრძელებთ რეფორმების ჩატარებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, „ვეტინგი“ ერთჯერადი მექანიზმია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისტემაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმება. „ნაციონალური მოძრაობამ“ წარადგინა წინადადება, რომლის თანახმადაც სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის“ საფუძველზე უნდა მოხდეს.