დანიაში და საზღვარგარეთ დანიის ინტერესების წინააღმდეგ ტერორიზმის საფრთხე გაიზარდა

დანიაში და საზღვარგარეთ დანიის ინტერესების წინააღმდეგ ტერორიზმის საფრთხე გაიზარდა ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომისა და გასულ წელს ყურანის დაწვის რამდენიმე შემთხვევის გამო. აღნიშნულის შესახებ დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა განაცხადა.

უწყებამ მაქსიმალური ხუთი დონიდან ტერორიზმის საფრთხე მეოთხე დონით შეაფასა.

„ისრაელსა და მებრძოლთა რამდენიმე დაჯგუფებას შორის კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანის შეშფოთებას იწვევს, მათ შორის დანიაში. კონფლიქტი ასევე შეიცავს რადიკალიზაციისა და მობილიზაციის მნიშვნელოვან პოტენციალს, რამაც შესაძლოა, პოტენციურად გააქტიუროს დანიაში აქტორები სპონტანური ან დაგეგმილი ქმედებებისთვის, მათ შორის ტერორისტული თავდასხმებისთვის“, – ნათქვამია დანიის სპეცსამსახურების განცხადებაში.

გასულ წელს დანიასა და მეზობელ შვედეთში ანტიმუსლიმმა აქტივისტებმა რამდენჯერმე დაწვეს ყურანი. გასული წლის დეკემბერში მუსლიმურ ქვეყნებთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, დანიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საჯარო ადგილებში ყურანის დაწვას კრძალავს.