რუსეთში, მოსკოვის ოლქის „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც, ამ დროის მონაცემებით, 93 ადამიანი ემსხვერპლა, გერმანიის, ისრაელის, იტალიის, კანადის და სხვა ქვეყნების მთავრობებმა რუსეთს სამძიმარი გამოუცხადეს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
სამძიმარი გამოუცხადა, ასევე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.
„გენერალური მდივანი კატეგორიულად გმობს ამ ტერორისტულ თავდასხმას მოსკოვის ოლქის საკონცერტო დარბაზში“, – განაცხადეს გუტერეშის პრესსამსახურში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა დაღუპულთა ნათესავებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ამ შეტევას „სრულიად მიუღებელი“ უწოდა.
„მოსკოვში მომხდარი ხოცვა სრულიად მიუღებელია, იტალიის მთავრობა გმობს ამ საშინელ ტერაქტს, სოლიდარობას ვუცხადებთ დაშავებულებს და დაღუპულთა ნათესავებს“, – დაწერა მელონიმ X-ში.
ტერაქტი დაგმო ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
„მინდა გამოვუცხადო რუსეთის მოსახლეობას ჩემი სამძიმარი ამ საზარელი ტერაქტის გამო. ჩვენ ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებზე“ – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს „საშინელება“ უწოდა.
„კადრები, რომლებზეც უდანაშაულო ადამიანებზე „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაა გადაღებული, საშინელებაა. აუცილებელია თავდასხმის ყველა დეტალის სასწრაფო გამოძიება“, – განაცხადეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადეს.
ასევე სამძიმარი გამოთქვა ისრაელის საგარეოს საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა.
„ძალზე სამწუხაროა მოსკოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები. ჩვენი გული ტერაქტის მსხვერპლთა და ყველა იმ ადამიანი გვერდითაა, ვისაც ეს შეეხო. ეს მომენტები გვაგონებს, თუ რამდენად ფაქიზია ადამიანის ცხოვრება და რომ ყველას ბევრი რამე გვაქვს საერთო“, – განაცხადა კაცმა.
სამძიმარი გამოთქვეს, ასევე, ბრაზილიის საგარეოს საქმეთა სამინისტროში, უწყების საიტზე წერია, რომ რუსეთის ხელისუფლებას და ხალხს სოლიდარობას უცხადებენ და ყველანაირ ტერორისტულ თავდასხმებს გმობენ.
ანალოგიური განცხადება გააკეთა ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
„ძალზე შემაშფოთებელი ამბები მოდის რუსეთიდან, სოლიდარობას ვუცხადებთ დაღუპულებს, მათი ოჯახის წევრებს და რუსეთის მოსახლეობას, ესპანეთი ძალადობის ნებისმიერ ფორმას გმობს“, – წერია უწყების ოფიციალურ ექაუნთზე X-ზე.
სამძიმარი გამოთქვა, ასევე, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„ეს საშინელი კადრებია, რომლებიც კრასნოგორსკშია გადაღებული, ჩვენ ვგმობთ ამ ამაზრზენ თავდასხმებს. ჩვენი გულები უდანაშაულო დაღუპულებთან ერთად არის და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – იუწყება კანადის საგარეო უწყება.
რუსეთი მომხდარი ტერორისტული შეტევის გამო სამძიმარი გამოთქვეს აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, თურქეთის, ირანის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოთა ლიდერებმა და საგარეო უწყებებმა.
შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქში 22 მარტს საღამოს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა. 115 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, აქედან 5 ბავშვია.