გერმანიის უმთავრესი და ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიო-სამედიცინო კვლევითი დაწესებულების, რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის (RKI) პანდემიისდროინდელი ოქმები საიდუმლოდ ინახებოდა, რის წინააღდეგაც დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა სასამართლოში იჩივლეს. გერმანიის მეორე საზოგადოებრივი ტელევიზიის ZDF-ის მასალაში აღნიშნულია, რომ გუშინ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, შესაძლოა, აღმოაჩნდეთ პოლიტიკურად ფეთქებადი ძალა.
დამოუკიდებელი ბენეფიტური ორგანიზაციის, “სტარტნექსტის” პლატფორმაზე, მოქალაქეთა ღია შემოწირულობებით მხარდაჭერილი “მულტიპოლარის” ჟურნალისტებმა მოითხოვეს RKI-ის კრიზისული შტაბის ოქმების გამოქვეყნება, როდესაც კოვიდ-პანდემია გამოცხადდა. მათ სასამართლოში შესაბამისი სარჩელი შეიტანეს და შედეგი მიღწეულ იქნა – სასამართლომ დაავალდებულა რობერტ კოხის სახ. ინსტიტუტი, გამოაქვეყნოს ოქმები, რომლებიც ასახავენ ინსტიტუტის მაშინდელი ხელმძღვანელის, ლოთარ ვილერისა და მისი მოადგილის, ახლა კი ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ლარს შაადეს თავმჯდომარეობით 2020 წლის მარტიდან 2021 წლის აპრილამდე ჩატარებულ თათბირებს. RKI-ი პირდაპირ ექვემდებარება ჯანმრთელობის ფედერალურ სამინისტროს.
RKI-იმ სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულა და დოკუმენტები გამოაქვეყნა, თუმცა მან საშუალება გამოიყენა, ოქმებში გარკვეული ინფორმაციები დაეფარა და ისე გამოექვეყნებინა. არაერთი გაშავებული ადგილის მიუხედავად, გამოქვეყნებული დოკუმენტები საკმაოდ კარგად ასახავენ იმ ვითარებას, რომელიც მაშინ სუფევდა საკრიზისო შტაბში – აღნიშნულია, გერმანიის ტელევიზიის საიტზე გამოქვეყნებულ რეპორტაჟში.
პირდაპირ არის დასმული კითხვა, რამდენად იყო 2020 წლის 22 მარტიდან სავალდებულო ლოკდაუნი დასაბუთებული, როდესაც მოხდა ადამიანის ძირითადი უფლებების აქამდე არნახული შეზღუდვა: დაიხურა საბავშვო ბაღები და სკოლები, ჩაიკეტა მოხუცთა თავშესაფრები, დაწესდა სახლიდან გარეთ გასვლაზე შეზღუდვები, გაჩერდა საზოგადოებრივი ცხოვრება. მაგრამ რა ხდებოდა კულისებს მიღმა? – სწორედ ამ კითხვას სცემენ პასუხს გამოქვეყნებული ოქმები, სულ, დაახლოებით 1 ათას გვერდზე.
ლოკდაუნები – საეჭვო საფუძველი და მძიმე შედეგები?
2020 წლის 17 მარტს რობერტ კოხის სახ. ინსტიტუტი გერმანიის მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკებს “საშუალოდან” “მაღალზე” გადააფასებს. წინა დღით დოკუმენტებში აღნიშნა, რომ შეფასება რისკის გაზრდის შესახებ მომზადდა და აუცილებელია მისი “ესკალირება”.
“რისკის შეფასება უნდა გამოქვეყნდეს, როდესაც [გვარი დაფარულია] გასცემს საამისო მითითებას”.
როგორც ვხედავთ, გადამწყვეტი პირის გვარი დაფარულია. “მულტიპოლარის” ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ეს პიროვნება პოლიტიკოსია, მთავრობის წევრი ან სულაც, კანცლერი, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ ეს უარჰყო და ამტკიცებს, რომ აღნიშნული პირი ინსტიტუტის სპეციალისტია.
ამ ვითარების გასარკვევად, პოლიტიკოსთა ნაწილი, მაგალითად, ვოლფგანგ კუბიკი თავისუფალი დემოკრატიული პარტიიდან და ახალი პარტიის BSW-ის ლიდერი სარა ვაგენკნეხტი მოუწოდებენ ჯანდაცვის მინისტრ კარლ ლაუტერბახს, გამოქვეყნდეს სრული ინფორმაცია, გვარების მითითებით.
ასეა თუ ისე, ოქმებიდან ჩანს, რომ პანდემიის დროს ბევრი არასწორი შეფასება და შესაბამისად, არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ასე მაგალითად, 2020 წლის 16 დეკემბერს, როდესაც მეორე ლოკდაუნი დაიწყო, რობერტ კოხის ინსტიტუტმა წინა ლოკდაუნის შედეგებიდან გამომდინარე, ასეთი დასკვნა გააკეთა:
“ლოკდაუნებმა ნაწილობრივ უფრო მძიმე შედეგები გამოიწვია, ვიდრე თავად კოვიდმა”.
ამასთან, RKI-მ აფრიკაში გატარებული ღონისძიებები მოიტანა მაგალითად.
გარდა ლოკდაუნების არაეფექტურობისა, ოქმებიდან ისიც ცხადი ხდება, რომ მეცნიერულად დაუსაბუთებელი იყო აცრილებისთვის პრივილეგიების მინიჭება, მაგალითად, მათთვის კაფე-რესტორნებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში შესვლის უფლების მიცემა, ხოლო აუცრელებისთვის ამის აკრძალვა.
კოხის ინსტიტუტის საკრიზისო შტაბის სხდომების ოქმებიდან ასევე კარგად ჩანს, რომ “ასტრა ზენეკას” ვაქცინა თავიდანვე არ იწვევდა ნდობას.
გამოცემა “მულტიპოლარი” გაჩერებას არ აპირებს. ამა წლის 6 მაისს ჟურნალისტები ბერლინის ადმინისტრაციულ სასამართლოში შევლენ სარჩელით, რათა გამოქვეყნდეს 2021 წლის აპრილის შემდგომი ოქმებიც, მათ შორის, გვარებისა და სხვა ინფორმაციების დაფარვის გარეშე.
ფოტოზე: “Multipolar”-ის ჟურნალისტები, რომლებმაც სასამართლოში საქმე მოიგეს.
შენიშვნა: წინამდებარე სტატია წარმოადგენს ZDF-ის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციების შემოკლებულ, მაგრამ ფაქტობრივად და აზრობრივად სრულად შესატყვის ვერსიას.