მაკრონი პუტინს თანამშრომლობის გაღრმავებას სთავაზობს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსულ მხარეს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის გაფართოების შეთავაზებით მიმართა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

მაკრონის თქმით, დაჯგუფებამ, რომელმაც „კროკუსზე“ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა, მანამდე რამდენჯერმე საფრანგეთში სცადა ტერორისტული აქტების განხორციელება.

მისივე თქმით, საფრანგეთის სპეცსამსახურებს ხელი მიუწვდებათ ინფორმაციასა და დეტალებზე, რომლებიც შესაძლოა, „რუსებისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს“.

„ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ ნებისმიერ მანიპულაციას და ფაქტების დამახინჯებას, თუმცა ამავდროულად, ვიყოთ მომთხოვნი და ეფექტური. სწორედ ამ სულისკვეთებით მივიწევთ წინ და იმედი მაქვს, რომ რუსეთიც იმავეს გააკეთებს“, – ამბობს მაკრონი. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ერთდროულად „ცინიკურიც და კონტრპროდუქტიულიც იქნებოდა“ ამ ტერაქტის გამოყენება იმისთვის, რომ უკრაინა დაადანაშაულონ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ მართალია, ტერაქტი რადიკალი ისლამისტების ხელით განხორციელდა, თუმცა, მათ დამკვეთები აინტერესებთ და ხელი სწორედ კიევისკენ გაიშვირა.