მოსაგებად ოცნება საკმარისი არაა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერი უნდა გააკეთო, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.
მისი თქმით, წინ რთული მატჩია.
„ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ, ყველა მოთამაშე მზადაა. ვეცდებით, რომ საბერძნეთთან საუკეთესო მატჩი ვაჩვენოთ. მოწინააღმდეგეზე ბევრი საუბარი არ მიყვარს, მირჩევნია, ჩვენს მეტოქეზე არ ვისაუბრო. როცა გავიგეთ, ბერძნებთან თამაში მოგვიწევდა, უკვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველის. მათ კარგი მოთამაშეები ჰყავთ.
ხშირად ვუხსნი ფეხბურთელებს, რომ მოსაგებად ოცნება საკმარისი არაა. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერი უნდა გააკეთო. ჩემმა მოთამაშეებმა ძალიან მოუმატეს, ისინი ახლა ყველაზე კარგად არიან მზად“, – აცხადებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.