პესკოვი: უკრაინისთვის ნებისმიერი გლობალური სამშვიდობო სამიტი, რომელიც რუსეთს გამორიცხავს, უბრალოდ „აბსურდია“ და ჩავარდება

უკრაინისთვის ნებისმიერი გლობალური სამშვიდობო სამიტი, რომელიც რუსეთს გამორიცხავს, უბრალოდ „აბსურდია“ და ჩავარდება, განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა „Argumenty I Fakty“-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პესკოვმა საინფორმაციო გამოცემას ასევე განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან ორწლიან ომს აგრძელებს, რათა დასავლეთისგან თავი დაიცვას.

„შეიძლება, თუ არა რუსეთის მონაწილეობის გარეშე უკრაინის პრობლემის მოგვარება? პასუხი ნათელია – არ შეიძლება იმიტომ, რომ უკრაინა კოლექტიური დასავლეთის ხელში ინსტრუმენტად გადაიქცა და მათი დახმარებით რუსეთზე მეტ ზეწოლას აპირებს“, – განაცხადა პესკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო სამშვიდობო სამიტის ჩატარება მოითხოვა და ამ წლის დასაწყისში შვეიცარიამ განაცხადა, რომ შეხვედრას უმასპინძლებს და რომ თარიღი და დეტალები განიხილება.