პუტინი: ტერაქტი რადიკალი ისლამისტების ხელით განხორციელდა, თუმცა, ჩვენ დამკვეთები გვაინტერესებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მოწყობილი ტერაქტის შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით სხდომა გამართა.

როგორც RIA Novosti წერს, პუტინმა სხდომაზე აღნიშნა, რომ თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, თუმცა, მოსკოვს დამკვეთთა ვინაობა აინტერესებს.

„ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული განხორციელდა რადიკალი ისლამისტების ხელით, რომელთა იდეოლოგიასაც თავად ისლამური სამყაროც საუკუნეებია, ებრძვის. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ არიან დამკვეთები“, – განაცხადა პუტინმა. 

როგორც პუტინი ამბობს, შეერთებული შტატები ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ უკრაინის კვალი ამ დანაშაულში არ არსებობს, თუმცა, მისივე თქმით, ბევრ კითხვაზე უნდა მიიღონ პასუხები, კერძოდ კი იმაზე, თუ „ვის შეეძლო ესარგებლა ამ დაშინების აქტით“?

„მათ, ვინც ამ ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა, იმედი ჰქონდათ, რომ ჩვენს საზოგადოებაში დათესავდნენ პანიკას და უთანხმოებას, მაგრამ ისინი ერთიანობასა და ამ ბოროტებასთან ბრძოლის მზადყოფნას შეხვდნენ“, – თქვა პუტინმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გაირკვეს, თუ რატომ ცდილობდნენ „კროკუსზე“ თავდასხმის შემდეგ, დამნაშავეები უკრაინაში გაქცევას. 

შეგახსენებთ, 22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ კონცერტზე დასასწრებად მისულ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. 25 მარტის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 137 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც.