ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, მივცემთ საშუალებას ფერმერებს, რომლებიც დაკავებული არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანით, აიღონ სესხი ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად

ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, მივცემთ საშუალებას ფერმერებს, რომლებიც დაკავებული არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანით, აიღონ სესხი ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად; დავაფინანსებთ ერთი წლის განმავლობაში 9%- ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს; სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100,000 ლარი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში.

„აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მეშვეობით, სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს დაეხმარება ერთწლოვანი კულტურების – ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფარვაში მცენარის მოვლისა და მოყვანის ყველა ეტაპზე; ეს იქნება სათესი და სარგავი მასალის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენა. გათვალისწინებულია მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, ასევე გამოყენებული საწვავის ხარჯი“, – აღნიშნა შამუგიამ.

მინისტრმა ჟურნალისტებთან მეთხილე ფერმერების მხარდაჭერის შესახებაც გააკეთა განცხადება.

„აღსანიშნავია, რომ თხილის პირველადი წარმოების ქვეკომპონენტში ფინანსდება 3 ჰა მეტი ფართობის თხილის ბაღებში მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი, 1 ჰა-ზე არაუმეტეს 3000 ლარი; სესხის მოცულობა 5 000-დან მაქსიმალური თანხა 300 000 ლარი, თანადაფინანსების ვადაა 12 თვე, თანადაფინანსების პროცენტი – 8%“, – აღნიშნა შამუგიამ.