მუხათწყარო, რომელიც თბილისის დასავლეთით, სოფელ ლისის ასახვევიდან მთაზე, 900 მ სიმაღლეზე მდებარეობს, მწერლებისა და საზოგადო მოღაწეებისთვის “დაჩების” ასაშენებლად განისაზღვრა, ჯერ კიდევ გვიანდელი საბჭოთა ხელისუფლების დროს.
მთის ფერდობი, რომელზეც მუხათწყაროსკენ და თრიალეთის სოფლებისკენ მიმავალი გზა ადის, “საბჭოთა ოკუპაციის” პირობებში საერთო-სახალხო საკუთრება იყო, სადაც თვალს აბიბინებული მინდვრები და “სასტიკი კომუნისტების” მიერ დარგული ხეები ახარებდა.
სსრ კავშირის დანგრევის შემდეგ, მინდვრების და ტყეების დიდი ნაწილი ნაგვით ბინძურდებოდა, არ სუფთავდებოდა. ჩვენი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამწუხაროდ, მწყრალადაა ჰიგიენასთან ან ისე ესმის ჰიგიენა, რომ სისუფთავე მარტო სახლშია საჭირო, ზღურბლს იქეთ კი, ნაგვის დაყრა ნორმალური ამბავია.
მიუხედავად ამისა, ბუნება მაინც იყო და თბილისელებს სასეირნო ადგილებიც ყოვლად უსასყიდლოდ ჰქონდათ.
ახლანდელი ხელისუფლების პირობებში, ბენდუქიძის ანდერძის შესაბამისად – ყველაფერი გაყიდეთ, სინდისის გარდაო (სინდისი “ბონუსად” ემატება გაყიდულ ყველაფერს), ბეჯითად გაიყიდა მუხათწყაროს მთის ფერდობები.
როგორც გაირკვა, ამ ბიზნესის მთავარი ბენეფიციარი ერთ-ერთი, აწ უკვე ყოფილი მინისტრია, რომელიც ახალ თანამდებობას ელოდება. თუმცა შირმად, როგორც ყოველთვის, ინგლისურსიტყვებიანი ბობოლა კომპანიები ეფარებიან პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებს.
ასეა თუ ისე, მუხათწყაროს ფერდობები ისევე ნადგურდება, როგორც ვეძისის ქუჩის ფერდობების გამწვანება გაანადგურეს და მდიდრებს სახლების აშენების უფლება მისცეს. ასევე ყველაფერი კეთდება მდიდრებისთვის, ყველაფერი იყიდება და მდიდრებიც ყიდულობენ – სახლებს, ბინებს, ტყეებს, ტბებს და მდინარის ხეობებს…
აი როგორ გამოიყურება მუხათწყაროს მთის ფერდობები დღეს, როგორ ბეტონდება ბუნება, როგორ იტაცებენ ხალხის ქონებას:
“თაუერ გრუპის” “პანორამა ლისი”. “იყიდება”-ს ინგლისური თარგმანი – FOR SALE – აუცილებელია. რაც შეიძლება, მეტმა უცხოელმა უნდა იყიდოს ქართული მიწა:
ჯერ რუკას შევხედოთ – რას ერჩი, ყველაფერი ხომ არ გაუყიდიათ? სადაც კლდე და ღრეა, იქ სარეკრეაციო ზონები მწვანედ არის შენარჩუნებული:
აქედან კარგი ხედი იშლება კავკასიონის ქედზე და თბილისზეც:
მდიდრებისთვის “ენერგო პრო” მუყაითად მუშაობს. დენი – რა პრობლემაა:
ხეებს გავჩეხავთ, სახლებს ავიშენებთ, მერე ჩვენთვის დავრგავთ:
აქ ადრე ბევრი მინდვრის ყვავილი ბიბინებდა. ახლა ბევრი ბეტონია – მყარი სახლები აშენდება:
ცინიზმი არ გეგონოთ, ალბათ, უბოროტოდ გვეხუმრებიან – ძველი ხეები გაკაფეს, მაგრამ გზის პირას რამდენიმე იაფფასიანი წიწვოვანი ხე ჩარგეს:
აქ უკვე ისეთი ქუჩა გაუშენებიათ, ვერც იფიქრებ, თუ ორიოდე წლის წინ ხელუხლებელი მინდორი იყო:
ხე ტყუილად ხომ არ გაიკაფებოდა – შეშად დაურიგებდნენ ღარიბებს:
აი თქვენ, ვისაც არ მოგწონთ ქვეყნის აღმშენებლობა, კანალიზაციის წყალი აქედან გამოვა – ცივი წყლის ნაცვლად, შეგიძლიათ, დასამშვიდებლად ეს მოიხმაროთ: