ვახტანგ ცინცაძე – მთავრობის მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და ეკონომიკური აქტივობის ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა საქსტატის მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, იანვარ-თებერვალში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ს გაუტოლდა.

„ეს მაჩვენებლები რეგიონის და ევროპის მასშტაბით შთამბეჭდავია, თუმცა ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და დავაჩქაროთ პოტენციური ზრდა, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური, რათა ეკონომიკური ზრდის სარგებელი საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახოს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძემ ასევე დააანონსა მთელი რიგი გადაწყვეტილებები და ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, რომლის შესახებ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ეცნობება. მინისტრის მოადგილის შეფასებით, მთავრობის ღონისძიებებს პოზიტიური გავლენა ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ინდუსტრიული განვითარებისა და ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით, რაც თავის მხრივ, აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე და ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.