“არ მოგცემენ 1%-ს, გადაგაგდებენ!” – ლევან ჩაჩუას ძალიან საყურადღებო გამოსვლა და გაფრთხილება პოლიტიკურ პარტიებს

გავეცანი ლევან ჩაჩუას ძალზე საყურადღებო გამოსვლას ტელევიზიით, ყველას ვურჩევ, ნახეთ 30 მარტის 19 საათის გადაცემა “ქართული TV”-ზე (myvideo.ge-ს საშუალებით).

ბ-ნი ლევანი ერთ-ერთი იშვიათი რესპონდენტია ტელესივრცეში, რომელიც მთავარ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს. კერძოდ, აღნიშნული გადაცემის ფარგლებში, იგი განიხილავს შემდეგ უმნიშვნელოვანეს თემებს:

პირველი. შობადობა საქართველოში კატასტროფულად არის შემცირებული, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს, შობადობა კიდევ 5%-ით შემცირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია 1 წლისათვის. პროცენტულად კიდევ უფრო გაიზარდა სიკვდილიანობა და ზღვარი შობადობასა და სიკვდილიანობას შორის.

მეორე. არაფერი კეთდება ოჯახის სიმტკიცის გასაძლიერებლად. ამჟამად მოქმედი იუვენალური კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, პირიქით, ოჯახის ნგრევას უფრო უწყობს ხელს, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებისას უმკაცრესი განაჩენების გამოტანით, ჩადენილი გადაცდომის სიმძიმისგან დამოუკიდებლად.

მესამე. ომის და მშვიდობის საკითხებს ჩვენს მთავრობას საერთაშორისო ძალები არ დაეკითხებიან. კარგია, რომ დღეს მშვიდობაა საქართველოში, მაგრამ იგი ძალზე მყიფე ნიადაგზე დგას და, შეიძლება, მალევე შეიცვალოს. საქართველოს მთელი მოსახლეობის მაქსიმუმ 25% თუ უჭერს მხარს მმართველ პარტიას, რაც ძალიან ცოტაა სტაბილობის მისაღწევად. ასეთ მთავრობას არ სცემს პატივს უცხოეთი და, განსაკუთრებით, დასავლეთი.

მეოთხე. ტერიტორიულ საკითხებთან მიმართებით, გვაქვს აზერბაიჯანის მაგალითი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სანამ ყარაბაღის საკითხს აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვეტდა, მოსკოვში ჩავიდა, მოსკოვში აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მოსკოვთან გააფორმა ხელშეკრულება. შესაბამისად, მოსკოვთან მორიგების გზით და არა კონფრონტაციით მიაღწია თავისი ქვეყნისთვის სასურველ შედეგს.

აი ეს საკითხები გააანალიზა და, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორად შეაფასა ბ-მა ლევან ჩაჩუამ.

გარდა ამისა, იგი შეეხო კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს – მიმდინარე წელს ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებს. აქაც თითქმის აბსოლუტური თანხვედრაა ჩვენს შეფასებებს შორის.

კერძოდ, ლ. ჩაჩუა მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” დიდი ფულის დახარჯვის გარეშე, ხალხში არსებული უკმაყოფილების გამოყენებას სათავისოდ გეგმავს კონსერვატული ორიენტაციის წვრილ-წვრილი ოპოზიციური პარტიების მომრავლებით, ასეთი ტიპის პარტებს შორის ხმების დაქსაქსვითა და მათი ნაწილის პირდაპირი მოსყიდვით. მმართველმა პარტიამ, ლევან ჩაჩუას სწორი შეფასებით, ტყუილად როდი შემოაგდო იდეა, რომ ის პარტიები, რომლებიც ხმების 1%-ს და მეტს დააგროვებენ, მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას წელიწადში 300 ათასი ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს არაფორმალურ მმართველს პარლამენტში შესასვლელად შემონახული ჰყავს ხელოვნურად შექმნილი “ხალხის ძალა”, რომელსაც ტელევიზია და სხვა რესურსები მისცა. ეს ყველაფერი უკვე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს და აშკარაა, რომ ოფიციოზი თავისსავე “ძალას” მთავარ ფაქტორად მიიჩნევს კონსერვატული ანუ ტრადიციული, ქართველი ამომრჩევლების მობილიზებისა და, ჯამში,  მათი მოტყუების მიზნით.

მისასალმებელია ლევან ჩაჩუას მოწოდება ოპოზიციურ სპექტრში არსებული წესიერი პარტიებისადმი: “უარი ვთქვათ პარტიულ ბრძოლაზე, გავერთიანდეთ, ერთიანი ფრონტი გავაკეთოთ”. რაც უაღრესად მნიშვნელოვანია და სულ ამას გავიძახი მეც: “მოვიზიდოთ ის 55% ამომრჩევლისა, რომელიც აღარ დადის არჩევნებზე!”.

არასანუგეშო, მაგრამ რეალისტურ პროგნოზს იძლევა ბ-ნი ლევანი: წვრილი კონსერვატული პარტიები ვერ მიიღებენ ვერანაირ 1%-ს, შეიძლება, მაქსიმუმ ერთმა ან ორმა პარტიამ შეძლოს ეს (ან განზრახ დაუწერონ). მათი ხმები განაწილდება 0,5-0,7 პროცენტის ფარგლებში.

“ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს ფულის გამო შეეკრა, გადააგდო ოლიგარქმა და სწორიც ქნა, რომ გადააგდო” – სამართლიანად შენიშნავს ლევან ჩაჩუა.

ესაა რეზიუმე ზემოთ აღნიშნული ტელეგადაცემისა. აქვე მოხარული ვარ, რომ სტუდიაში ევრაზიის რუკას ვხედავ. უწინ მიმაჩნდა და დღეს უფრო ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს, ისე, რომ საქართველოს გადარჩენა არ უწერია (საკითხი კი ისევ გადარჩენაზე დგას), თუკი არ განვიხილავთ ჩვენს თავს დიდი კულტურულ-ცივილიზაციური სივრცის ანუ ევრაზიის კონტექსტის გარეშე, თუკი უგულებელვჰყოფთ კულტურულად და რელიგიურად ჩვენთან უახლოეს მეზობელს – რუსეთს ანუ ევრაზიული ინტეგრაციის მოტორს.

გარდა ამისა, ვფიქრობ, სანამ საბოლოოდ გვიანი არ არის, მოხდეს ლუსტრაცია კეთილსინდისიერი და უკვე გაყიდული პარტიებისა მათი საერთო განხილვაზე მოწვევის გზით. იქნებ და გამოვიდეს საერთო შეთანხმება სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით?

ასევე განხილვის საგანი უნდა იყოს არჩევნების ელექტრონულად ჩატარების სისტემასთან დაკავშირებული რისკები. არავითარ გარანტიას ელექტრონული სისტემა იმისას, რომ არჩევნები სუფთად ჩატარდება, არ იძლევა. პირიქით, არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ მონაცემები, რომლებიც “ბლოკჩეინში” გაიგზავნება, უცხოურ სერვერებამდე მიღწევის წინ, პროგრამულ “დამუშავებას” საქართველოში გაივლის, ადგილობრივი “სუსის” ბაზაზე. ეს ვარაუდები რომ დამტკიცდეს ან გაიფანტოს, საჭიროა სპეციალისტების შეკრება, საზოგადოებისა და პოლიტიკის დაინტერესებული სუბიექტების თანამონაწილეობით.

 

გულბაათ რცხილაძე

ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი

რედაქციისგან: ქვემოთ წარმოგიდგენთ ლევან ჩაჩუას გამოსვლის ფრაგმენტს, რომელიც არჩევნებს შეეხება.