თქვენ გაწირეთ მოქალაქეები – სოროსელი თალაკვაძე ასეთივე “ნაციონალებს”

თქვენ გაწირეთ მოქალაქეები. რომ არა „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ლიდერობით გატარებული დემოკრატიული რეფორმები რეფორმები, დღემდე საქართველო იქნებოდა იმ კოშმარში, რომელშიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, “სოროსელად” ცნობილმა არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ასეთივე “სოროსული” „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

თქვენ გაწირეთ მოქალაქეები - სოროსელი თალაკვაძე ასეთივე "ნაციონალებს"

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოში დღეს დაცულია მშვიდობა, ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

თალაკვაძის განმარტებით, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მაშინ როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასამარა ყველაფერი ევროპული ამ ქვეყანაში.

„დღეს საუბრობდით, თითქოს მოქალაქეები გაწირეთო. მე გეტყვით, სინამდვილეში მოქალაქეები როგორ გაწირეთ თქვენ. ჯერ ერთი, ემიგრაციის რეკორდი თქვენ გეკუთვნით. მერამდენედ საუბრობთ და იტყუებით, თქვენ გეკუთვნით ემიგრაციის რეკორდი, თანაც მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმი არ ჰქონდა საქართველოს. უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა, ორ-სამჯერ მეტი ადამიანი დატოვებდა ქვეყანას თქვენი ხელისუფლების პირობებში. მოქალაქეები გაწირეთ თქვენ, როდესაც 300 000 ადამიანი გაატარეთ პენიტენციური სისტემის უმძიმეს ტერორში და დღესაც ძალიან ბევრს არ შეუძლია, ნორმალურად შეასრულოს თავისი სოციალური თუ ეკონომიკური ფუნქცია, რადგან დაუზიანეთ ჯანმრთელობა და ფსიქიკა. თქვენ გაწირეთ ჯარისკაცები, როდესაც მიატოვეთ ბრძოლის ველზე. თქვენ გაწირეთ პენსიონერები, როდესაც „ღიმილიანი საქართველოს პროგრამაში“ გყავდათ ჩართული. თქვენ გაწირეთ პაციენტები, როდესაც ჯანდაცვა გადააქციეთ ბიზნესად. თქვენ გაწირეთ ჟურნალისტები, როდესაც რეიდები ჩაატარეთ და დააპატიმრეთ ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ისაუბრა იმის შესახებ, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და მოუწოდა ოპოზიციას, თავი დაანებონ პოპულიზმს, დაესწრონ სხდომებს და უფრო მეტად ჩაერთონ დებატებში, სადაც მეტ არგუმენტს მოისმენენ.

„ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას, თანამემამულეებს ისტორიულ გამარჯვებას. მადლობა საქართველოს ნაკრებს შესანიშნავი თამაშისთვის. საქართველო ფორმაშია და საქართველო ფორმაშია არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით, რაც იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანას აქვს პროგრესი, ამ პროგრესს ხედავს ჩვენი საზოგადოება და ხედავენ პარტნიორებიც. აქ დასმულ ყველა საკითხზე არსებობს საქმიანი და რიტორიკული პასუხებიც, თუმცა ეს ის ოპოზიციაა, რომელიც არცერთი პოლიტიკური დებატის დროს დარბაზში არ რჩება. მას არ შეუძლია პასუხების მოსმენა. ტყუილად წუწუნებენ აქ და წუხან, თითქოს რაიმეზე პასუხები ვერ მოისმინეს. მინდა, კიდევ ერთხელ მოგასმენინოთ პასუხები, რაც ამ დარბაზში არაერთხელ ითქვა.

პირველ რიგში, სოციალურად დაუცველთა ბაზა გაიზარდა, რადგან ჩვენი ხელისუფლების პირობებში შევცვალეთ წესი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე თუ სამსახურს მოძებნის, ამის გამო მას არ უუქმდება სოციალური დახმარება. დისკუსიიდან არათუ გარბიხართ, საერთოდ ვერ მონაწილეობთ დისკუსიებში. ცარიელი დარბაზის უამრავი კადრი არსებობს პარლამენტის სამუშაო არქივში, როდესაც თქვენს ადგილებზე არ ხართ პოლიტიკური დებატების დროს.

რა გავაკეთეთ ჩვენ – ხუთლარიანი დახმარება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომელიც თქვენ გქონდათ, გავზარდეთ. დღეს ეს არის 200 ლარი თითოეულ ბავშვზე, ვისაც სოციალური დახმარება სჭირდება. ჯანდაცვა, რომელიც თქვენ ბიზნესად გადააქციეთ და 2-3 მონოპოლიურ კარტელს ჩაუდეთ ჯიბეში, ჩვენ დავუბრუნეთ მოქალაქეებს. დღეისთვის 10.6 მილიონი სამედიცინო შემთხვევა აქვს სახელმწიფოს დაფინანსებული. თითოეული ღირს არანაკლებ 1 500 ლარი და ზოგიერთი 10 ათასობით ლარი ჯდება. პენსია 100 ლარი გქონდათ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება. დღეს 320-დან 415 ლარის ფარგლებში გაიცემა პენსიები საქართველოს მასშტაბით. ჩვენ შევქმენით 245 000 სამუშაო ადგილი მხოლოდ კერძო სექტორში. თქვენ ატყუებთ საზოგადოებას და შეურაცხყოფას აყენებთ ბიზნესს, დამსაქმებლებს, როდესაც ასახელებთ იმ რიცხვებს, რომლითაც სპეკულირებთ და ცუდ პოპულიზმს მიმართავთ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაფორმდა ევროკავშირთან. მხოლოდ ამ ხელშეკრულებით, მაგალითად, შარშან საქართველომ მიიღო 700 მილიონი ევროს შემოსავალი ექსპორტის შედეგად. ჩვენმა მოქალაქეებმა, ფერმერებმა გაიტანეს თავისი პროდუქცია ექსპორტზე ევროპულ ბაზარზე. ესეც შემოსავალია თითოეულ ოჯახში და პირდაპირ შინამეურნეობებში იყო მიმართული“, – განაცხადა თალაკვაძემ