დღეს და გუშინ გარედან, ჩვენი მეგობრების მხრიდან, სამწუხაროდ, ზეწოლა მოძლიერდა, დიახ, გავუძლებთ და ჩვენს სიმართლეს ბოლომდე გავიტანთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, შარშანდელისგან განსხვავებით, ისინი „რუსულ კანონს“ აღარ უწოდებენ.
„ეს შედეგია, ამითაც კმაყოფილები ვართ. თუმცა, კრიტიკა შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის, ყალბია. უნდა გავბედოთ ამის თქმა, რადგან გვაიძულებენ არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა. ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს, განიხილება და გვეუბნებიან, თქვენ არ მიიღოთ ეს კანონიო. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, წარმოუდგენელი უსამართლობაა ისევე, როგორც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არ მოცემა. ჩვენო მეგობრებო, წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიცირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გავბედოთ. ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება. კონკრეტულ ძალებს თუ უნდათ, ფულით მართონ საქართველო, ასე არ იქნება, საქართველო სუვერენული, შემდგარი სახელმწიფოა და მას მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ეს ყველაფერი ღირებულებით ბრძოლაში გადადის. მეგობრებს მოვუწოდებ, ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან ცუდ რაღაცაში ამხელს კონკრეტულ ადამიანებს, თუ პირთა ჯგუფებს. ერთი მხრივ, თავისთან რა კანონებსაც აინიცირებენ, იმ კანონს საქართველოში ვიღაცამ ეძახოს რუსული. ძალიან კარგია, რომ რუსულს აღარ ეძახიან, მაგრამ კრიტიკაც უსამართლოა“, – განაცხადა მდინარაძემ.