ნატოში შეთანხმდნენ, რომ უკრაინას დამატებით ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს გადასცემენ

ნატოს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას დამატებით ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს გადასცემენ. ეს საკითხი ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილებოდა, რომელიც ბრიუსელში გაიმართა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„მოკავშირეები ხვდებიან, რომ პრობლემის გადაჭრა უმოკლეს დროშია აუცილებელი. ახლა ეს ქვეყნები საკუთარ მარაგებს გადახედავენ და, თუ არსებობს უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების შესაძლებლობა, ეს გაკეთდება. ასევე მოხდება უკვე მიწოდებული „პეტრიოტებისთვის“ სათადარიგო ნაწილების და რაკეტების მიწოდებაც“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

უკრაინისთვის დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემისკენ ნატოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ მოუწოდა, რომელიც ასევე ბრიუსელში იმყოფება. რამდენიმე დღის წინ იენს სტოლტენბერგი სპეციალური ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რათა უკრაინამ აუცილებელი დახმარება მიიღოს. ფონდის მოცულობა 100 მლრდ. ევრო უნდა იყოს და ის 5 წლის ვადით შეიქმნება. კიევი ამ იდეას მიესალმება.