ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ არ შეცვალეს თავიანთი პოზიცია უკრაინის ნატოში მიწვევის თაობაზე, ამიტომ კიევი არ იქნება მიწვეული ალიანსში გასაწევრიანებლად ივლისში, ვაშინგტონის სამიტზე. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ნატოს არ სურს მიიღოს ახალი წევრი, რომელიც ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების მუხლით მეშვეობით ჩაითრევს მას ევროპაში ყველაზე დიდ სახმელეთო ომში 1945 წლის შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია კვლავაც ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში მიწვევას ვაშინგტონში ალიანსის სამიტზე, როგორც ეს გააკეთეს გასულ წელს ვილნიუსში გამართულ სამიტზე.
გამოცემა წერს, ახლა ძირითადი ძალისხმევა მიმართულია იმ პირობების მკაფიოდ განსაზღვრაზე, რომელიც უკრაინამ უნდა შეასრულოს, მაგრამ ისინი ჯერ წინ არ წასულან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ ის ყურადღებით უსმენდა თავის კოლეგა დიპლომატებს, როდესაც ისინი განიხილავდნენ ვაშინგტონში სამიტის მომზადების საკითხს.
„ალიანსის წევრებმა თავად უნდა გადაწყვიტონ უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ მიმართული შემდეგი ნაბიჯის ფორმა და შინაარსი. ჩვენ მოუთმენლად ველით შედეგს. უკრაინა იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე და სწრაფად“, – განაცხადა კულებამ.