შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რაშიდ მერედოვს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რაშიდ მერედოვს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა პოლიტიკურ დონეზე არსებული ურთიერთობები, აღინიშნა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების მნიშვნელობა.

რაშიდ მერედოვმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პლატფორმებზე თურქმენეთის მხარდაჭერისთვის და დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

ამასთან, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, საპარლამენტო, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში მიღწევებს და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ, ხაზი გაესვა „ლაპის-ლაზულის“ და „შავი ზღვა-კასპიის ზღვის“ სატრანსპორტო მარშრუტების პროექტებს. ასევე საუბარი შეეხო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელშიც, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული როლი ექნება. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.