შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, მრავალწლიან ურთიერთობათა მეგობრულ ხასიათს.

მათივე ცნობით, ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო-ლოგისტიკური თანამშრომლობისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განვითარების მნიშვნელობას.

„შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქ. აშხაბადში შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნის გადაწყვეტილებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას. სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა“, – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ცენტრალური აზიის რეგიონში შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.