ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც უკრაინას მიაწოდეს, სუსტი და რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთმა დრონმა, რომელიც უკრაინას ამერიკულმა კომპანიამ Skydio-მა მიაწოდა, აფრენაც კი ვერ შეძლო. საუბარია ასობით უპილოტო აპარატზე, რომელიც უკრაინას რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში უნდა დახმარებოდა.
უკრაინელი სამხედროების თქმით, ამერიკული დრონები არის ძვირი, მათი გარემონტება ფრონტის ხაზზე რთულია. ამის გამო უკრაინამ ჩინური უპილოტო აპარატების გამოყენება დაიწყო, რომლებიც გაცილებით იაფია. საუბარია, ძირითადად, კომპანიის SZ DJI Technology-ის პროდუქციაზე.
ამავე გამოცემის ცნობით უკრაინამ საკუთარი უპილოტო აპარატების ინდუსტრია განავითარა, სადაც ასევე ჩინური კომპონენტები გამოიყენება. უკრაინის ქარხნები ასიათასობით იაფ, მცირე ზომის დრონებს უშვებენ, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა შეუძლიათ. ასევე მათ უფრო დიდი ზომის დრონების წარმოებაც დაიწყეს, რომლებსაც რუსული ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელება შეუძლიათ და მათი მეშვებით უკრაინული ძალების რუსულ ფლოტს უტევენ.
The Wall Street Journal წერს, რომ უკრაინა თვეში 10 ათასამდე დრონს იყენებს და ამერიკული ძვირი დრონების შეძენის შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნებოდა.