საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ესპანეთში შეხვედრა გამართა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წარმომადგენლები სენატის ვიცე-პრეზიდენტს და კომიტეტების წევრებს შეხვდნენ.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რომელშიც საქართველო დღეს არის. მივაწოდეთ ინფორმაცია ოკუპაციაზე, იმ ყოველდღიურ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია მიმდინარე რეფორმებზე და ცხრა პუნქტის შესრულების პროცესზე. გვქონდა საუბარი სამშვიდობო როლის შესრულებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირებაში. ასევე, საუბარი გვქონდა ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის შავი ზღვის კაბელის პროექტზე და შუა დერეფნის განვითარებაზე. მათგან მოვისმინეთ შეფასება მოახლოებულ ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით და როგორი განწყობებია ესპანეთში. გვქონდა საუბარი ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკაზე, ასევე, რუსეთსა და უკრაინას შორის ომზე და დასავლური მხრიდან უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე. დაისვა თბილისში ესპანეთის სრულფასოვანი საელჩოს გახსნის საკითხი, რაზეც მხარეები დაგვპირდნენ, რომ მთავრობას გაუწევენ რეკომენდაციას, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით ესპანეთი შეასრულებს თავის როლს.
„ქართველი დეპუტატების ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი თანამშრომლობა გადაითარგმნება რეალურ შედეგებში და დააახლოებს ხალხებს. ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით ესპანეთი შეასრულებს თავის როლს. ესპანური და ქართული ღვინით ვადღეგრძელებთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას“, – განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ხოსე იგნასიო ლანდალუსე კაიეხამ.
თავის მხრივ, სენატორმა, ევროსაბჭოში სენატის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო გუტიერეს ლიმონესმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის, ასევე – ნატო-ს წევრი.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის პუტინის მიერ წარმოებულ ომზე უკრაინაში. ესპანეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით უსაფრთხოების კუთხით გამოწვევების ფონზე და ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის, ასევე – ნატო-ს წევრი“, – განაცხადა ევროსაბჭოში სენატის დელეგაციის ხელმძღვანელმა.